• georgian flag
  • english flag

ლტოლვილი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1708

ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1967 წლის ოქმის მიხედვით, ლტოლვილი არის პირი, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და იმყოფება რა თავისი ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის გასახლება ან დაბრუნება დაუშვებელია იმ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის,
რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსის გამო. კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში ღებულობენ დახმარებას და მფარველობას გაეროს სხვა ორგანიზაციებიდან, გარდა → გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა; პირებზე, რომლებიც თავშესაფრის ქვეყანაში სარგებლობენ იმავე უფლებებით და აკისრიათ იგივე მოვალეობები, რაც მოცემული ქვეყნის მოქალაქეებს; არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, → სამხედრო დანაშაული ან → დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული თავშესაფრის ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სანამ შევიდოდა ამ ქვეყანაში, როგორც ლტოლვილი, ცნობილია დამნაშავედ საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებსა და პრინციპებს.