• georgian flag
  • english flag

კანონის განმარტება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       730

კანონის განმარტება ნიშნავს კანონის სიტყვათა მნიშვნელობის გაგებას. სამართლის ნორმის ( → კონსტიტუცია, → კანონი, → კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) განმარტებისას შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდების გამოყენება.
1. გრამატიკული განმარტების მიზანია, გრამატიკული წესების საფუძველზე კანონის სიტყვების შინაარსის დადგენა, კანონმდებლის მიერ გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის მიხედვით (მაგალითად, „უნდა“, „შეიძლება“, „უფლებამოსილია“ და ა.შ.). გათვალისწინებულ უნდა იქნას, ასევე, თუ რა მნიშვნელობით იხმარება კანონის სიტყვები ამ ენის მატარებელთა საზოგადოებაში და რა მნიშვნელობით გამოი ყენება ისინი სამართლის ნორმაში. გრამატიკულ განმარტებას თავისი საზღვრები აქვს. თუ სიტყვა ერთმნიშვნელოვანია, უნდა გავარკვიოთ დასაშვებია თუ არა მისი გრამატიკული განმარტება. ე. წ. Sens Clair-ის წესის მიხედვით, სემანტიკურად ერთმნიშვნელოვანი სიტყვის განმარტება არ დაიშვება. სემანტიკურად ერთმნიშვნელოვანი სიტყვები საკმაოდ იშვიათია (მაგალითად, რიცხვითი სახელები). გრამატიკული განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ ყოფითი და იურიდიული, ანუ სპეციალური დარგობრივი ენის (termini technici) თავისებურებები.
2. კანონის ლოგიკური განმარტება ეძებს განსაზღვროს კანონის აზრი და მიზანი და, სამართლის ნორმების ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, დაადგინოს ცალკეული ნორმის აზრი და განსაკუთრებულობა. ეს ხორციელდება სისტემური მეთოდით, რომელიც ეფუძნება სამართლის ნორმის ადგილს კანონში და ამ კანონის ადგილს ერთიან სამართლებრივ წესრიგში. სისტემური გან მარტებისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადგილი აქვს ნორმათა კოლიზიას. ნორმათა კოლიზია წყდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) თუ კოლიზიურ ნორმებს აქვთ განსხვავებული იურიდიული ძალა, მაშინ იერარქიულად ზემდგომი ნორმა იმორჩილებს ქვემდგომ ნორმას - Lex superior derogat legi inferiori. ბ) თუ კოლიზიურ ნორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ, მაშინ სპეციალურ ნორმას უპირატესობა ენიჭება საერთო ნორმის მიმართ - Lex specialis derogat legi generali. სპეციალური ნორმა, ჩვეულებრივ, აწესრიგებს ურთი ერთობათა უფრო ვიწრო წრეს, ვიდრე ზოგადი ნორმა. გ) თუ კოლიზიურ ნორმები სპეციალურია და ამავე დროს, აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, მაშინ გვიან გამოცემულ ნორმას უპირატესობა ენიჭება ადრე გამოცემული ნორმის მიმართ: Lex posterior derogat legi priori. გვიან გამოცემული სამართლის ნორმა უფრო ზუსტად ასახავს კანონმდებლის ნებას. კანონი, ჩვეულებრივ, პირდაპირ უთითებს მანამდე მოქმედი
ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. თუ მსგავსი მითითება კანონის ტექსტში უშუალოდ არ გვხვდება, მაშინ მოქმედებს წესი – Lex posterior derogat legi priori. ამ წესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური სისტემების რადიკალური ცვლილებისას, როდესაც ნორმა ეწინააღმდეგება ახალი კანონმდებლობის სულისკვეთებას. სტაბილურ სიტუაციაში ეს წესი ნაკლებად გამოიყენება რამდენადაც კანონი, როგორც წესი, ზუსტად განსაზღვრავს კოლიზიის გადაწყვეტის წესს. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ გრამატიკულ განმარტებას არ მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან, მაგალითად, კანონმდებელს აზრობრივად არ უნდა გამოეყენებინა სიტყვა „შეიძლება“, არამედ სიტყვა „უნდა“. ლოგიკური მეთოდის გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს კანონის ვიწრო (extensiv) ან ფართო (restriktiv) განმარტებასთან.
3. კანონის განმარტების ისტორიული მეთოდი ითვალისწინებს სამართლის ნორმის ისტორიულ განვითარებას და განსაკუთრებით, ადრე განხორციელებული მსგავსი კანონების ცვლილებებს. ისტორიული განმარტება არკვევს კანონმდებლის ისტორიულ მიზანს. ისტორიული განმარტების პროცესში, ჩვეულებრივ, ითვალისწინებენ კანონის მიღებისას მიმდინარე იურიდიულ და პოლიტიკურ დებატებს. ამ მასალების მოპოვება შესაძლებელია სტენოგრაფიული ჩანაწერების, სხდომის ანგარიშებისა და სხვა მასალების მეშვეობით.
4. ტელეოლოგიური განმარტება ნიშნავს სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრას. მისი მიზანია განსაზღ ვროს სამართლის ნორმის გან ხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, რამდენად შეესაბამება კანონ მდებლის წარმოდგენები, რომელიც საფუძვლად დაედო ნორმის მიღებას, დღეს ამ ნორმის გამოყენებისას მიღებულ გადაწ ყვეტილებებს. ტელეოლოგიური განმარტება შეეხება სამართლის ნორმის დამოკიდებულებას სა მართლებრივი უსაფრთხოების, თანასწორობისა და მიზანშეწონილობის პრინციპების მიმართ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივ-ეთიკური პრინციპები გამყარებულია კონსტიტუციით, ტელეოლოგიური განმარტება მოიცავს სამართლის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამის განმარტებასაც.
5. ფართო გაგებით, განმარტების მეთოდებს განეკუთვნება სამართლის ნორმათა განვრცობა იმ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ან განზრახ არ იქნა მოწესრიგებული, ასევე, შემთხვევები, რომლებიც გარემოებათა ცვლილებამ გამოიწვია. კანონის განვრცობითი განმარტება წარმოადგენს მოსა მართლის უფლებამოსილებას, რომელმაც კანონი ანალოგიის გზით სამართლებრივად ერთგვაროვან შემთხვევებზე უნდა გამოიყენოს ან, საწინააღმდეგო დასკვნის საფუძველზე (Argumentum e contrario), სამართლის ნორმის გა მოყენება სხვა შემთხვევაზე გამორიცხოს, რადგან ეს შემთხვევა კანონმა არ უნდა მოიცვას. „Argumentum e contrario“ ანალოგიის საწინააღმდეგო ცნებაა. Argumentum e contrario გულისხმობს, რომ თუ რომელიმე ურთიერთობა სა მართლებრივად მოწესრიგებული არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი შეესაბამება კანონმდებლის ნებას. თუ კანონმდებელი შეგნებულად უვლის
გვერდს რომელიმე ურთიერთობის სამართლებრივ მოწესრიგებას, საქმე გვაქვს კანონმდებლის „კვალიფიციურ“ დუმილთან. Argumentum e contrario გამორიცხავს ხარვეზს კანონმდებლობაში. შესაბამისად, მოსამართლე არაა უფლებამოსილი შეავსოს „ხარვეზი“. Argumentum e contrario-ს შემთხვევაშიც სამართლის შემფარდებელი შებოჭილია საკანონმდებლო შეფასებებითა და სამართლებრივი რეგულირების საერთო მიზნებით. განასხვავებენ კანონისა და სამართლის ანალოგიას. უნდა განხორციელდეს სამართლის ანალოგიის გამოყენება თუ Argumentum e contrario, გადაწყვეტილ უნდა იქნას კონკრეტულ შემთხვევაში. სისხლის სამართალში დასაშვებია ანალოგიის გამოყენება როგორც ქმედების დანაშაულებრიობის, ისე დასჯადობის გამო, მხოლოდ დამნაშავის სასარგებლოდ (სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლი). ტელეოლოგიური რედუქციის საფუძველზე ხორციელდება სა მართლის ნორმის, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის
საწინააღმდეგოდ, ვიწროდ გამოყენება (→ სამართლის შეფარდება). ტელეოლოგიური შეზღუდვითი გან მარტების (რედუქციის) დროს ნორმა არ გამოიყენება, თუ მისი შეფარდება მიგვიყვანს კანონის მიზნის საწინააღმდეგო შედეგამდე. ამ შემთხვევაში, კანონი შეზღუდულად განიმარტება მისი მიზნიდან გამომდინარე.
6. განმარტებას არ წარმოადგენს ე.წ. ლეგალური დეფინიცია, როდესაც კანონის ტერმინი თვით ამ კანონში ან სხვა კანონით არის განმარტებული.
7. კონსტიტუციის გან მარტება ხდება „ჰარმონიზაციის პრინციპის“ მიხედვით, როდესაც კონსტიტუციურ ნორმებს შორის წინააღმდეგობა მაქსიმალურად არის დაძლეული. დაუშვებელია კონსტიტუციით განმტკიცებული რომელიმე სამართლებრივი ღირებულების რეალიზაცია სხვა სამართლებრივი ღირებულების ხარჯზე. კონსტიტუციური ნორმების განმარტება უნდა მოხდეს ფუნქციონალური მართლზომიერების პრინციპის საფუძველზე. კონსტიტუციის განმარტება არ უნდა არღვევდეს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციებს. არ დაიშვება კონსტიტუციური ნორმის ისეთი განმარტება, რომელიც შეავიწროებს (ან გააფართოებს) სახელმწიფო ორგანოს თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის სფეროს.
8. თუ ნების გამოვლენის სამართლებრივად მნიშვნელოვანი შინაარსი ან ადამიანური ქცევა ცალსახად შეიძლება განისაზღვროს, მაშინ იგი აღარ საჭიროებს განმარტებას, აგრეთვე, თუ ხელშეკრულების მხარეებს გამოვლენილი ნება ერთი განსაზღვრული შინაარსით ესმით და მხოლოდ გარიგების საგანს აღნიშნავენ არასწორად - falsa demonstratio. მაგრამ, თუ გამოვლენილი ნების შინაარსი მრავალმნიშვნელოვანია, მაშინ მისი აზრი განმარტებით უნდა იქნას დადგენილი. განმარტების პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ნების გამომვლენის სურვილს. კანონი, ასეთ შემთხვევაში, ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობის სანდოობას და უშვებს ნების შეცილებას (მაგალითად, შეცდომის გამო ან მოტყუებითი გარიგებისას). სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. თუ ასეთი მსჯელობის შედეგად, არა შინაგანი ან უბრალოდ ჰიპოთეტური ნება დადგინდება, არამედ გამოხატული ნება, ასეთ შემთხვევაში, საკითხის გადასაწყვეტად, თუ რამდენად გამოიხატა ნების გამოვლენაში ხელშეკრულების მხარის სურვილი, გათვალისწინებულ უნდა იქნას ნების გამოვლენის მიზანი. ხშირად კანონი თავად ადგენს სამართლებირვ დებულებებში განმარტების წესებს. ასე, მაგალითად, სიტყვა „საეჭვოობა“ განსაზღვრული აზრით უნდა იქნა გაგებული. თუ ასეთი წესი არ არის დადგენილი, მაშინ ცალმხრივი ან სხვადასხვა ადამიანის მიმართ გამოვლენილი ნება გაგებულ უნდა იქნას იმ შინაარსით, როგორც ეს ფართო საზოგადოებისათვის გასაგები იქნებოდა. ისეთი ნების გამოვლენის განმარტებისას, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას, უპირველეს ყოვლისა, ნების მიმღებისათვის ცნობილი გარემოებები (ნების გამომვლენის ჩვევები და გამოთქმები, მის მიერ ენის გამოყენება). რაც უფრო მეტი ადამიანის მიმართ ხდება ნების გამოვლენა, მით უფრო ზუსტად უნდა დადგინდეს ნების გამოვლენის შინაარსი.
9. ხელშეკრულების გან მარტების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ცალკეული ნების გამოვლენის შინაარსი ზემოაღნიშნული წესების მი ხედვით. თუ ეჭვქვეშ არ დგას ხელშეკრულების ნამდვილობა, მაშინ იგი განმარტებულ უნდა იქნას ისე, როგორც ამას ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპები მოითხოვენ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 339-ე და 346-ე მუხლები). თავდაპირველად უნდა დადგინდეს ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნება, ხოლო განსხვავებული გამონათქვამების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას კონკრეტული შემთხვევის ობიექტური გარემოებები, მხარეთა ინტერესები ნების გამოვლენის დროს. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომხდარი გარემოებების ცვლილებაც. თუ ხელშეკრულების განმარტების წესები საკმარისი არ არის, რომ სამართლიანად განისაზღვროს მხარეთა ინტერესები, მაშინ უნდა მოხდეს ხელშეკრულების ცალკეული პირობების განვრცობითი განმარტება. მოსამართლემ ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი საკითხები მხარეთა ნების აზრობრივი გამოვლინებით უნდა შეავსოს და ამით ურთიერთწინააღმდეგობა გადალახოს. ხელშეკრულების განვრცობითი განმარტების შემთხვევაშიც, მოსამართლე არ უნდა გაცდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოხატულ ნებას. 10. ნების გამოვლენის ან ხელშეკრულების განმარტების ფაქტობრივი გარემოებები არ ექვემდებარებიან → კასაციის წესით გადამოწმებას. საკასაციო სასამართლოს მიერ შეიძლება შემოწმებულ იქნას მხოლოდ, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ამ გარემოებების დადგენის პროცესი პრაქტიკის გამოცდილების ზოგად წესებს, აზროვნების კანონებსა და ზოგად სამართლებრივ პრინციპებს. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ წარმოადგენენ საკანონმდებლო დებულებებს და ისინი მხოლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჩართვით ხდებიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. მათი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ისევე ექვემდებარებიან განმარტებას, როგორც კანონები.