კანონიერი ნდობის პრინციპი (განმარტებითი ლექსიკონი)
A A 9961 |
გამომდინარეობს → სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას. აქვე დგას მოთხოვნა, რომ მოქალაქის ნდობა მმართველობის ორგანოს ქმედებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. → ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის პრინციპი უკავშირდება → ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით → ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ინსტიტუტს (სზაკ-ის მე-601 და 61-ე მუხლები) და → ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას (სზაკ-ის მე-9 მუხლი). სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ → დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს → ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, ისევე არის გარანტირებული, როგორც უკვე განხორციელებულ ქმედებაზე (გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე). საყურადღებოა სხვაობა კანონიერი ნდობის დაცვის ხარისხში უკვე განხორციელებული ქმედებისა და დაპირების შემთხვევაში, რომელიც ვლინდება კანონიერი ნდობის გამომრიცხველ გარემოებებში. უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებაა დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. ამის საპირისპიროდ, დაპირების შემთხვევაში, ეს გარემოებებია: ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება; ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს; გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. როგორც ვხედავთ, კანონიერი ნდობის დაცვის გარანტია უფრო მაღალია უკვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, ვიდრე დაპირების მიმართ.