• georgian flag
  • english flag

იურიდიული პირი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       3514

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ
არის კანონით აკრძალული. საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სამოქალაქო სამართალი იცნობს არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიულ პირებს. სამეწარმეო იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირებისა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
1.1 არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონითა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები (სამოქალაქო კოდექსის 27-ე მუხლი). არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. არასამეწარმეო იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. არასამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება გამოყენებულ უნდა იქნას იურიდიული პირის მიზნების განხორციელებისათვის და დაუშვებელი ამ მოგების განაწილება დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე, ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის (სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლი).
1.2 მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ → სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და იურიდიულ პირებს წარმოადგენს → სააქციო საზოგადოება, → შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, → სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, → კომანდიტური საზოგადოება და → კოოპერატივი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებული იყოს წევრობაზე (საჯარო სამართლის კორპორაცია), ანდა შეიქმნას საჯარო ან სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი
ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების განკერძოების გზით (დაწესებულება). დაწესებულებას არ ჰყავს წევრები. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი.