• georgian flag
  • english flag

უმოქმედობის დელიქტი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1621

სისხლის სამართალში ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან განასხვავებენ მოქმედების (→ მოქმედების დელიქტი) და უმოქმეობის დელიქტებს. უმოქმედობის დელიქტი გვაქვს სახეზე, როდესაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სამართლებრივად სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობისთვის. წმინდა უმოქმედობის დელიქტი გულისხმობს თავის შეკავებას ისეთი მოქმედებისაგან, რისთვისაც სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ცალკეული დანაშაულის შემადგენლობებით სპეციალურად ითვალისწინებენ აღნიშნულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგალითად, განსაცდელში მიტოვება (სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი), დაუხმარებლობა (სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლი), ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლი), → დანაშაულის შეუტყობინებლობა და ა. შ. შერეული უმოქმედობის დელიქტების დროს დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა, რომელიც როგორც წესი აქტიური მოქმედებით ხორციელდება (მაგალითად, მკვლელობა, სხეულის დაზიანება), გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება განხორციელდეს მოქმედებისგან თავის შეკავებითაც. სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში მოცემულია ის პირობები, თუ რა შემთხვევაში დაეკისრება პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უმოქმედობისთვის. იმისათვის, რომ უმოქმედობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, სახეზე უნდა იყოს 3 პირობა: ა) პირს უნდა ჰქონდეს → მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ე.წ. სამართლებრივი გარანტის ფუნქცია; ბ) პირს უნდა ჰქონდეს მოქმედების შესაძლებლობა; გ) სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი (რეალობასთან ახლოს მდგომი ალბათობის მაღალი ხარისხით) თავიდან იქნებოდა აცილებული. შერეული უმოქმედობის მაგალითია, როდესაც დედა შვილს საკმარისად არ კვებავს და ამის გამო ბავშვი გარდაიცვლება ან მას ჯანმრთელობა დაუზიანდება. მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა შეიძლება გამომდინარეობდეს: ა) კანონიდან, მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლიდან გამომდინარე მშობლების მოვალეობები შვილების მიმართ; ბ) ხელშეკრულებიდან, მაგალითად, ბავშვის მომვლელი ხელშეკრულებით კისრულობს მოვალეობას, მშობლების სახლში დაბრუნებამდე მოუაროს ბავშვს; გ) წინარე მოქმედებიდან, მაგალითად, მძღოლმა ავტოავარიის შედეგად დააზიანა ქვეითად მოსიარულე და მას შეუძლია თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან აიცილოს ავტოავარიის მსხვერპლის სიკვდილი. შერეული უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის დროს პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს → შეცდომას და იგი არ დაისჯება განზრახვისათვის.