• georgian flag
  • english flag

ადვოკატი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       267

1. სისხლის სამართლის პროცესში არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს → ბრალდებულის, → მსჯავრდებულის, → გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას. ა) ბრალდებულს (ან ბრალდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირებს) უფლება აქვს აირჩიოს ან აიყვანოს ადვოკატი, ხოლო თუ ის უქონელია აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 41-ე მუხლი). ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი). სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი: თუ არასრულწლოვანია; თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება → საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; თუ არაიდენტიფიცირებული პირია; ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში, ადვოკატის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბ) ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია. დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი). იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს უფლება არა აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. ადვოკატს უფლება აქვს, გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, → ბრალდებული). სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ადვოკატს უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დაკითხოს დაცვის და ბრალდების მოწმეები, წარადგინოს დასკვნითი სიტყვა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 246-ე, 249-ე მუხლები). ადვოკატს მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი). გ) ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი; იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს; ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.
2. სამოქალაქო სამართალში → სასამართლო წარმომადგენლობა.