სუვერენიტეტი (განმარტებითი ლექსიკონი)
A A 8692 |
როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ცნება (ფრანგ. souveraineté — უზენაესი ხელისუფლება) უკავშირდება Jean Bodin-ის (ჟან ბოდენი, 1530 – 1596 წწ.) სახელს. სუვერენიტეტი უმთავრესად ნიშნავს სახელმწიფოს ნიშან-თვისებას, რომელიც გულისხმობს მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მის უზენაესობას მისსავე ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, სუვერენიტეტის ცნება თავისთავად მოიაზრებს სახელმწიფოს დამოუკიდელობას. ეს არის სახელმწიფოს უზენაესობა მის საშინაო საქმეებში და დამოუკიდებლობა საგარეო ურთიერთობებში. ამასთან, სუვერენიტეტის თანამედროვე მნიშვნელობა არ გულისხმობს შეუზღუდავ, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას. შესაბამისად, სუვერენულია სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის დაქვემდებარებული სხვა სახელმწიფოს ნებას და არ ექვემდებარება სხვა რომელიმე სამართალწესრიგს, გარდა საერთაშორისო სამართლისა. სახელმწიფოთა → სუვერენული თანასწორობის პრინციპი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.