• georgian flag
  • english flag

Ewigkeitsklausel (ქართულ-გერმანულ-ქართული)

A A       438

მუდმივობის გარანტია არის გერმანიის კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, რომელიც შეიცავს ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებების უცვლელობის გარანტიას.
აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია წინასწარ აკეთებს დათქმას, თუ კონკრეტულად რომელი ფუნდამენტური უფლებების და რომელი ძირითადი დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების შეცვლა არ დაიშვება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გზითაც კი.

ე.წ. ხელუხლებელი მუხლების ჩამონათვალი ამომწურავია და იგი მოიცავს მხოლოდ კონსტიტუციის 1-ლი მუხლით დაცულ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობისა და კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ფუძემდებლურ პრინციპებს.
ანალოგიური გარანტია ეხება 79-ე მუხლის მე-3 ნაწილშივე მოხსენიებულ, ფედერალური რესპუბლიკის საერთო სტრუქტურას და საკანონმდებლო პროცესში ფედერაციის სუბიექტთა მონაწილოების პრინციპსაც.

ამდენად, გერმანიის კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პრინციპი ადგენს ღირებულებით მასშტაბს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს, ერთი მხრივ, კანონმდებელმა საკუთრივ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისას, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ - განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების კონსტიტიუციურობის შეფასებისას.

უცვლელობის გარანტიით დაცული გერმანიის კონსტიტუციის ნორმები:
მუხლი. 79 (3) "დაუშვებელია ამ ძირითადი კანონის შეცვლა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც ეხება ფედერაციის მიწებად დაყოფას, კანონმდებლობაში მიწების მონაწილეობის პრინციპებს ან პრინციპებს, რომლებიც დადგენილია პირველ და მე-20 მუხლებში."

მუხლი 1. (1) ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. მისი პატივისცემა და დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების მოვალეობაა. (2) აღნიშნულის შესაბამისად გერმანელი ხალხი ადამიანის ხელშეუხებელ და განუსხვისებელ უფლებებს აღიარებს, როგორც მსოფლიოში ყოველი საზოგადოების, მშვიდობისა და სამართლიანობის საფუძველს. (3) ქვემოთმოყვანილი ძირითადი უფლებები, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი, სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და მართლმსაჯულებისათვის.

მუხლი 20. (1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის დემოკრატიული და სოციალური ფედერაციული სახელმწიფო. (2) მთელი სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. იგი ხალხის მიერ ხორციელდება არჩევნების და კენჭისყრის გზით და საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების სპეციალური ორგანოების მეშვეობით. (3) კანონმდებლობა შებოჭილია კონსტიტუციური წყობილებით, აღმასრულებელი ხელისუფლება და მართლმსაჯულება — კანონით და სამართლით. (4) თუ სხვა საშუალებების გამოყენება შეუძლებელია, ყველა გერმანელს აქვს უფლება, წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერს, ვინც ცდილობს შეცვალოს აღნიშნული წყობილება.