• georgian flag
  • english flag

არასამთავრობო ორგანიზაცია (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       4839

ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია – მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე. ეს არის კერძო ინსტიტუტი, დამოუკიდებელი მთავრობისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები შეიძლება განვასხვაოთ მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით. მიმართულების მიხედვით: საქველმოქმედო, მომსახურებითი, საზოგადო, უფლებამოსილი; თანამშრომლობის დონეების მიხედვით კი – სათემო, საქალაქო, ეროვნული, საერთაშორისო. ტერმინი „არასამთავრობო“, ჩვეულებრივ, გამოიყენება ორგანიზაციათა სპექტრის აღსანიშნად, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას. ასეთი ორგანიზაციები ზოგადად ხასიათდება იმით, რომ თავის არსებობის მიზნად დასახული აქვთ არა კომერციული მოგება, არამედ რაღაც სხვა. თუმცა, ეს „სხვა“ შეიძლება გულისხმობდეს უამრავ მიზანს, სრულიად განსხვავებულ ინიციატივებს და ქმედებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება იყოს როგორც მცირე საინიციატივო ჯგუფებისაგან შემდგარი კავშირები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარემოს დაცვის ან ადამიანის უფლებების დარღვევების კონკრეტულ საკითხებთან, ასევე, საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ორგანიზაციები განათლების სფეროში, ქალთა თავშესაფრები, კულტურული ასოციაციები, რელიგიური ორგანიზაციები, იურიდიული ფონდები, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები და ა.შ. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება უზარმაზარი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოთვლით, თავიანთი ასობით და ათასობით ფილიალით და წევრით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს: იბრძვიან ადამიანის უფლებათა კონკრეტული დარღვევების წინააღმდეგ, სთავაზობენ უშუალო დახმარებას მათ, ვისი უფლებებიც დაირღვა, ლობირებას უწევენ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცვლილებებს, ხელს უწყობენ ამ კანონების შინაარსობრივ დახვეწას, ამკვიდრებენ ადამიანის უფლებათა მიმართ პატივისცემას მოსახლეობაში და ა.შ.