• georgian flag
  • english flag

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1030

1. სამოქალაქო საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ფორმალურად კანონიერია, თუ იგი არ შეიძლება გასაჩივრდეს. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლი). გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა წარმოადგენს მატერიალური კანონიერი ძალის წინაპირობას. მატერიალური კანონიერი ძალა ბოჭავს როგორც სასამართლოს, ისე მხარეებს და მათ უფლებამონაცვლეებს (→ საპროცესო უფლებამონაცვლეობა) და მათ არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი). მაშასადამე, გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა ვრცელდება დავის საგანსა და პროცესუალურ მოთხოვნაზე. ეს შესაძლებელია დადგინდეს აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების საფუძველზე. → სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი.
2. საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრცაიული სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერი ძალის საკითხი წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
3. სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს → განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე(სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილი). განაჩენის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.