• georgian flag
  • english flag

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       2407

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ → სააღსრულებო ფურცლისა და → სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით. სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას აღმასრულებელს უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უზრუნველყოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ასევე, მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან ან მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან და ა.შ. („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი). მოვალის ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით ჯერ დაიფარება აღსრულების საფასური და სასამართლო ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. თუ თანხა არ არის საკმარისი ყველა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ შემთხვევაში, იგი ნაწილდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 823-ე მუხლის თანახმად. იძულების განხორციელების მიუხედავად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაეცნონ აღსრულების მასალებსა და მიმდინარეობას, → მორიგების საშუალებით განახორციელონ სააღსრულებო მოქმედებების შეწყვეტა ან გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც, მაშინ კრედიტორს შეუძლია თვითონ განახორციელოს ეს მოქმედება და მოქმედების ხარჯები სასამართლო წესით დაეკისრება მოვალეს. მოვალეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი მოქმედებების არ განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ მოქმედებათა განხორცილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე და ისინი არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 86-ე, 87-ე მუხლები). სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით რეგულირებული არ არის ნეგატორულ ვალდებულებებსა (მაგალითად, გარკვეული გამონათქვამებისაგან თავის შეკავება) და ნების გამოვლენასთან (მაგალითად, მოვალის თანხმობა საჯარო რეესტრში კრედიტორის სასარგებლოდ სანივთო უფლების რეგისტრაციის თაობაზე) დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულება. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება. სააღსრულებო კანონმდებლობა იცნობს უძრავ ნივთებზე იძულებითი აღსრულების სამ სახეს. კერძოდ, იძულებით იპოთეკას, იძულებით აუქციონს და სეკვესტრს (სააღსრულებო წამოებათა შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი). ა) იძულებითი იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე; ბ) იძულებითი აუქციონი წარმოადგენს იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას. კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღმასრულებელი გასცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს აღმასრულებელი და აქვეყნებს საჯაროდ აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. თუ იძულებითი აუქციონზე უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია, მაშინ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე–309-ე მუხლები გამოიყენება, როგორც სპეციალური ნორმები. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საბოლოო ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყისი ღირებულების 50%-ზე ნაკლები და უნდა ფარავდეს გარდამავალ უფლებათა ღირებულებას. აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში ქონების შემძენმა შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღმასრულებელი ქონების შემძენს გადასცემს განკაგულებას ქონების შეძენის თაობაზე. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ აღმასრულებელი ერთი თვის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს. თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან ორი კვირის განმავლობაში, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადებით მიმართავს სააღსრულებო ბიუროს (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 71-771-ე მუხლები); გ) სეკვესტრი (იძულებითი მართვა) ნიშნავს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების გადაცემის სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველზე. მმართველი ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს აღმასრულებელს ანგარიში ქონების მართვის შესახებ, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 78-82-ე მუხლები). თუ აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მესამე პირის → საკუთრებას ან არსებობს აღსრულების საგანზე მესამე პირის → სანივთო უფლება, საქართველოს კანონმდებლობით მესამე პირს, უფლების დაცვის მიზნით, შეუძლია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, → სასარჩელო წარმოების გზით მიმართოს სასამართლოს კრედიტორისა და მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, თუ იგი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება. თუ ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. აღსრულება შესაძლებელია შეწყდეს კრედიტორის განცხადების საფუძველზე და სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდება კრედიტორს, თუ იგი უარს ამბობს აღსრულებაზე ან კრედიტორმა და მოვალემ მიაღწიეს → მორიგებას. აღსრულება შეჩერდება სასამართლოს მიერ მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე ან მოვალის მიერ → ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე, 36-ე მუხლები). სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია → თამასუქისა და → ჩეკის თაობაზე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).
2. სისხლის სამართალში → სასამართლოს განაჩენის აღსრულება.
3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ აწესრიგებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალიურ წესებს და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის ნორმები.