• georgian flag
  • english flag

სასამართლო გადაწყვეტილება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       2422

1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად გადაწყვეტის შესახებ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს გადაწყვეტილების შემდეგ სახეებს: საბოლოო, ნაწილობრივი და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება. ა) სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება ეწოდება ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ დაამთავრა საქმის განხილვა ყველა იმ მოთხოვნის მიმართ, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა წამოყენებული. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაშიც, როცა სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული ან იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ; ბ) ნაწილობრივი გადაწყვეტილებით სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილზე, ხოლო მოთხოვნის სხვა ნაწილზე მიღებული იქნება სხვა გადაწყვეტილება. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად. ნაწილობრივი გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს, თუ აღძრულია → შეგებებული სარჩელი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლი); გ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეებს შორის სადავოა როგორც სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები და ამ მოთხოვნის მოცულობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანხმად,სასამართლოს შუეძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით გაასწოროს სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, თუ სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი). → სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი; → სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა; → სასამართლო განჩინება.
2. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები. → დროებითი განჩინება.
3. სისხლის სამართალში → განაჩენი; → სასამართლო განჩინება.