• georgian flag
  • english flag

დაზარალებულის (სავარაუდო) თანხმობა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       691

არის → მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური (დაუწერელი) გარემოება, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან ერთად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასაც გამორიცხავს (მაგალითად, მესაკუთრის თანხმობით მისი ქონების განადგურებისას გამოირიცხება ქმედების მართლწინააღმდეგობა). მისი აუცილებელი პირობაა, რომ თანხმობის მიმცემი თავად უნდა იყოს დასაზიანებელი სამართლებრივი სიკეთის მატარებელი, მას უნდა ჰქონდეს ნების გამოვლენის უნარი და ნების გამოვლენის თავისუფლება, ამასთან ერთად თანხმობა მიღებული უნდა იყოს ქმედების ჩადენამდე. ისეთ დელიქტებში, რომლებშიც დაცვის ობიექტი არა ინდივიდუალური, არამედ საყოველთაო სამართლებრივი სიკეთეა პირს უფლება არა აქვს თანხმობა განაცხადოს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფაზე. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი) დროს, განსასჯელისგან, რომლის საზიანოთაც იქნა ცრუ ჩვენება მიცემული, თანხმობა ცრუ ჩვენების მიცემაზე არ შეიძლება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება იყოს, რადგან ამ დანაშაულის დაცვის ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესები. მსგავსად ამისა, მსხვერპლის თანხმობა საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება მოუსპოს მას სიცოცხლე. ნების გამოვლენის უნარი გულისხმობს თანხმობის მიმცემის უნარს, გააცნობიეროს ხელმყოფის მოქმედების ხასიათი და იმოქმედოს მის შესაბამისად; როგორც წესი, აღნიშნულ უნარს მოკლებულები არიან არასრულწლოვანები (მაგალითად, სქესობრივი დანაშაულების დროს). დაზარალებულის სავარაუდო თანხმობის შემთხვევაში დაზარალებულს არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება, მაგრამ არსებობს იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი თანხმობას გამოთქვამდა, თუკი ამის შესაძლებლობა ექნებოდა; (მაგალითად, საავადმყოფოში მიიყვანეს ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული, გონებადაკარგული პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტის მიმართ ჩატარებული ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი ნება არ გამოუხატავს, იქნება მართლზომიერი, თუ დაცული იქნება ოპერაციის ჩატარების მართლზომიერების პირობები).