• georgian flag
  • english flag

ბუნებითი სამართალი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       14508

სამართლის ფილოსოფიის გაგებით აღნიშნავს სამართალს, რომელიც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, გონებით შეცნობადია და რომელიც ყველა ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ ქცევის ობიექტურად სავალდებულო წესებსა და პრინციპებს. ეს პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოზიტიური სამართალი. ამიტომ, ბუნებით სამართალს ხშირად ზეპოზიტიურ სამართალსაც უწოდებენ. ბუნებითი სამართალი, არსებითად, მორალისა და სამართლიანობის იდენტურია - ისინი ხშირად განიხილება როგორც სინონიმური ცნებები. ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება, ღვთის ნება და გონი. გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბუნებითი სამართლის ქმედითობა საჭიროებს ხალხის ნების საფუძველზე სამართლის ნორმების მიღებას. ბუნებითი სამართლის საპირისპიროს წარმოადგენს პოზიტიური სამართლის მოძღვრება. იურიდიული პოზიტივიზმისაგან განსხვავებით, ბუნებითი სამართალი ერთმანეთისაგან არ გამიჯნავს მორალსა და სამართალს. პოზიტიური ნორმების გარდა სამართალი მოიცავს მორალის განსაზღვრულ პრინციპებს, რომელიც აფუძნებს და, ამავე დროს, გარკვეულ ფარგლებში აქცევს პოზიტიურ სამართალს. მორალის განსაზღვრულ პრინციპებს აქვთ იურიდიული მოქმედების პრეტენზია. სამართალი გაგებულია როგორც ნორმათა წესრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მორალის პრინციპებს. ანტიკური ბუნებითი სამართლის მიმდევრები იყვნენ პლატონი და არისტოტელე, ხოლო ქრისტიანული ბუნებითი სამართლის წარმომადგენელი - თომა აქვინელი. შემდგომში, გროციუსისა და, უპირველეს ყოვლისა, პუფენდორფის მიერ ბუნებითი სამართლის მოღვრება განიხილებოდა თეოლოგიური საფუძვლების გარეშე. ბუნებითი სამართლის მოძღვრება მეცხრამეტე საუკუნეში უარყოფილ იქნა → სამართლის ისტორიული სკოლის (სავინი) მიერ, რომელიც არსებულ სამართალს სამართლის სისტემის წყაროდ განიხილავდა. პირველი და, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის გამო, ბუნებითი სამართლის მოძღვრება ისევ წინა პლანზე გადმოვიდა. ბუნებითი სამართლის წარმოშობის წყაროდ მიიჩნევა სამართლის იდეის ზნეობრივი შინაარსი, საიდანაც გამომდინარეობს საზოგადოებებისა და ადამიანთა თანაცხოვრების განსაზღვრული წესები, განსაკუთრებით, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.