• georgian flag
  • english flag

ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       621

წარმოადგენს → ევროპული კავშირის მართლმსაჯულების ორგანოს და მოიცავს მართლმსაჯულების სასამართლოს, საერთო სასამართლოს და საჯარო სამსახურის სასამართლოს. მართლმსაჯულების სასამართლო შედგება 27 მოსამართლისაგან და 8 გენერალური ადვოკატისაგან. მოსამართლეები ინიშნებიან 6 წლით და მათი ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა დანიშვნა ასევე არის შესაძლებელი. გენერალური ადვოკატები სასამართლოს სრულფასოვანი წევრები არიან და მათ მოსამართლეების იდენტური სამართლებრივი სტატუსი გააჩნიათ. მათი ფუნქციაა სასამართლოში განსახილველ საქმეზე წერილობითი ფორმით შეხედულების მომზადება. საერთო სასამართლოს შემადგენლობაში ასევე შედის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ერთი მოსამართლე. მისი მოსამართლეებიც 6 წლის ვადით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათი ხელახლა დანიშვნა ასევე არის შესაძლებელი. მართლმსაჯულების სასამართლოსგან განსხვავებით, საერთო სასამართლოს საკუთარი გენერალური ადვოკატები არ გააჩნია. საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მართლმსაჯულების სასამართლოში. თუმცა, ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელის კომპეტენციაში შედის მხოლოდ და მხოლოდ საერთო სასამართლოს კომპეტენციის, მის მიერ პროცედურისა ან/და ევროპული კავშირის სამართლის დარღვევის შემოწმება. საჯარო სამსახურის სასამართლო შედგება 7 მოსამართლისგან, რომლებიც 6 წლის ვადით იქნენ დანიშნულნი. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება (იმავე სახის შეზღუდვებით, როგორც ეს ხდება საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლმსაჯულების სასამართლოში გასაჩივრებისას) გასაჩივრებულ იქნეს საერთო სასამართლოში. ევროპული კავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება შემდეგი სახის დავები: დავები ევროპული კავშირის ორგანოებს შორის; დავები ევროპული კავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის; დავები წევრ სახელმწიფოებს შორის; დავები იურიდიულ და ფიზიკურ პირთა და ევროპული კავშირის ორგანოებს შორის.