• georgian flag
  • english flag

ევროპის საბჭო (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       649

→ საერთაშორისო ორგანი ზაცია, რომელიც დაარსდა 1949 წლის 5 მაისს საფრანგეთის, დანიის, ბელგიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. დღეისათვის, ევროპის საბჭოს წევრია 47 სახელმწიფო. საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანდა 1999 წლის 27 აპრილს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). ევროპის საბჭოს მიზნებს წარმოადგენს: ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; პოლიტიკური, საკანონმდებლო და კონსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის გზით დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება; ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; იმ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, რომლებიც ევროპული საზოგადოების წინაშე დგას (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია, კიბერდანაშაული და სხვა). ევროპის საბჭოს ძირითადი ორგანოებია: მინისტრთა საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი. მინისტრთა კომიტეტი ორგანიზაციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების მთავარ ორგანოს წარმოადგენს. იგი შედგება წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან ამ სახელმწიფოების მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან. მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციაში შედის: ბიუჯეტის დამტკიცება; ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღება; პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და საქმიანობების პროგრამის განსაზღვრა; წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა; წევრი სახელმწიფოების მიმართ რეკომენდაციების შემუშავება. კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება. მისი თავმჯდომარეობა გარდამავალია და ყოველი 6 თვის შემდეგ იცვლება წევრი სახელმწიფოების სახელწოდებების ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით. საპარლამენტო ასამბლეა შედგება 315 წევრისგან, რომლებიც აირჩევიან ან ინიშნებიან წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტების წევრთა რიგებიდან. ამასთან, საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი დელეგაციების შემადგენლობა იმგვარად არის განსაზღვრული, რომ თანასწორად იყვნენ წარმოდგენილი ეროვნული პარლამენტების პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები. საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ. ასამბლეა ირჩევს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ასევე → ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს. მისი თანხმობაა საჭირო ასევე ორგანიზაციაში ახალი წევრების მისაღებად. ასამბლეის მიზანია წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს შორის პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა. ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს და შედგება 2 პალატისგან: ადგილობრივი ხელისუფლების პალატა და რეგიონების პალატა. კონგრესის მიზანს წარმოადგენს დემოკრატიის ხელშეწყობა და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარება. იგი უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები და რეზოლუციები და მოამზადოს ანგარიშები სხვადასხვა საკითხებზე. ევროპის საბჭოს სამდივნო, რომელსაც გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს, ორგანიზაციის საქმიანობის ტექნიკურ-ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ იქნა 170-ზე მეტი საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ეხება სოციალურ უფლებებს, წამების აკრძალვას, მონაცემთა დაცვას, რეგიონალურ ენებს, კულტურის საკითხებს, დემოკრატიზაციის საკითხებს და ა.შ. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს → ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი უფლებების კატალოგს, რომელთა პატივისცემა და დაცვა კონვენციის მხარე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოა.