• georgian flag
  • english flag

აღმასრულებელი ხელისუფლება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       2587

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შედეგად კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას. აღმასრულებელი ხელისუფლება მოიცავს ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც არ წარმოადგენს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციასა და საქმიანობის სფეროს. იგი ხშირად გაიგივებულია საჯარო მმართველობასთან. აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ერთმანეთისაგან განასხვავებენ მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ „მმართველ რგოლს“ და პარლამენტის მიერ გამოცემული კანონების უშუალო განმახორციელებელ რგოლს - საჯარო მმართველობას, ანუ ადმინისტრაციას მთელი თავისი ორგანული აპარატით. აღმასრულებელი ხელისუფლება სხვადასხვა სახისაა, იმისდა მიხედვით, თუ როგორია ქვეყნის პოლიტიკური წყობილება. საპარლამენტო დემოკრატიებში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური აირჩევა პარლამენტის მიერ, სადაც მთავრობაც ასევე დამოკიდებულია პარლამენტის ნდობაზე და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. აქ აღმასრულებელ ხელისუფლებას, როგორც წესი, სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი, რომელიც მინისტრთა კაბინეტთან ერთად უძღვება მის საქმიანობას. საპრეზიდენტო რესპუბლიკებში მთავრობის სათავეში დგას პრეზიდენტი. აღმასრულებელი ხელისუფლება შედგება მინისტრებისა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთაც ნიშნავს და ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ კურსს (საშინაო და საგარეო პოლიტიკას), რომელსაც ახორციელებს მთავრობა და ადმინისტრაცია. საქართველოს კონსტიტუციის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია საპრეზიდენტო წყობილების განმსაზღვრელია. ახალი რედაქციით (ძალაში შედის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან) მკვიდრდება შერეული (საპარლამენტო-საპრეზიდენტო) მოდელი, სადაც მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებულია პარლამენტის და რიგ შემთხვევებში ასევე პრეზიდენტის წინაშე (საქართველოს კონსტიტუციის 73-ე, 731, 78-ე და 79-ე მუხლები).