• georgian flag
  • english flag

ოკუპაცია (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       54

ა) წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ტერიტორიის შეძენის ერთერთ ფორმას. კერძოდ, სახელმწიფო იკავებს ტერიტორიას, რომელიც ამ მომენტისთვის არცერთ სხვა სახელმწიფოს არ ეკუთვნის, ანუ terra nullius-ს წარმოადგენს. დღეისათვის ტერიტორიის შეძენის აღნიშნული ფორმა აქტუალური აღარ არის, რადგანაც terra nullius ფაქტიურად აღარ არსებობს, ადრე კი იგი ტერიტორიის შეძენის მთავარ ფორმას წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა მხოლოდ ტერიტორიის დაკავება არ არის საკმარისი, საჭიროა ასევე ერთმნიშვნელოვანი ნების გამოხატვა ამ ტერიტორიის მიერთებასთან დაკავშირებით და ასევე ტერიტორიის შესაბამისი სიდიდის ადმინისტრაციის დაფუძნება და მასზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. ბ) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკავება სამხედრო ძალის გამოყენებით. იგი არ წარმოადგენს ტერიტორიის შეძენის ფორმას. სამხედრო ოკუპაციის სამართლებრივი სტატუსი რეგულირდება 1907 წლის ჰააგის კონვენციებით, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციის, ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ 1977 წლის დამატებითი ოქმისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმებით. კერძოდ, 1907 წლის ჰააგის მეოთხე კონვენციის 42-ე პუნქტის მიხედვით ოკუპირებულად ითვლება ტერიტორია, რომელიც იმყოფება მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ფაქტიური კონტროლის ქვეშ. ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაამყაროს წესრიგი და უზრუნველყოს მოსახლეობის უფლებების დაცვა. მართალია, ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს შეუძლია გამოსცეს რეგულაციები, რომელთა მიზანი იქნება საოკუპაციო შეიარაღებული ძალების დაცვა. თუმცა ამასთან მან, შეძლებისდაგვარად, უნდა შეინარჩუნოს არსებული კანონები. 2008 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს.