• georgian flag
  • english flag

მორალური ზიანი

author
ნანა ჯაფარიძე
A A       279

post photoზოგადი დახასიათება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობის პარალელურად, განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების წესსა და მისი დაკისრების წინაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ტერმინ „მორალურ ზიანს“ მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები იყენებს, მაშინ, როცა გერმანიისა და ინგლისის კანონმდებლობა მას პირდაპირ ჯანმრთელობის დაზიანებასა და ფსიქიკურ განცდებს უკავშირებს. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 253-ე პარაგრაფის მიხედვით მორალური ზიანი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა იქნეს დაკისრებული, ამავე პარაგრაფის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს ამ შემთხვევებს.
საქართველოს საკანონმდებლო რეალობაში მორალური ზიანის ინსტიტუტს არც თუ ისე დიდი წარსული აქვს. ქართველმა ცივილისტებმა მორალური ზიანის საკითხის აქტუალობა წინ საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების პირველსავე წლებში წამოწიეს. ეს ნაკარნახევი იყო პიროვნების უფლებათა დაცვის გარანტიების გაფართოებითა და გაძლიერებით. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზრაურების შესაძლებლობა ადამიანის ღირსების დამცირებად მიიჩნეოდა, რასაც იმ დროინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, საქართველოც, საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების მსგავსად ამგვარ დამოკიდებულებას იზიარებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები (მე-18, 413-ე, 992-ე) არ იძლევა მორალური ზიანის ლეგალურ დეფინიციას. „მორალური ზიანის“ ცნების განსაზღვრისთვის სასურველია გავაანალიზოთ ევროპის წამყვანი ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც მორალური ზიანი განისაზღვრება, როგორც „ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვა“. ტერმინი „ტანჯვა“ განსაზღვრავს, რომ მორალური ზიანის მიმყენებლის მოქმედებამ აუცილებლად უნდა პოვოს ასახვა დაზარალებულის შეგნებაში, მისი უარყოფითი ფსიქიკური რეაქციის გამოწვევაში. საქართველოს უზენაესის სასამართლოს განმარტებით: „მორალური ზიანი არის ის განცდა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული განიცდის. ტკივილისა და სულიერი ტანჯვის აღქმა და გათვითცნობიერება არ უკავშირდება პირის ქმედუნარიანობას (სრულწლოვნების ასაკს) და იგი ასაკობრივი თავისებურებების გამო (პრესტიჟის, პიროვნების თვითდამკვიდრების გამახვილებული გრძნობა და სხვ.) შესაძლოა უფრო მეტი სიმწვავით განიცადოს მოზარდმა, რომლის ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.”
მორალური ზიანის დაკისრებას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. ზიანის მიყენებამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა (რესტიტუცია); 2. განცდილი ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურება (კომპენსაცია). თუმცა სადავოა, თუ რამდენად შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი თანხის გადახდევინებით, როცა მორალური ზიანის რესტიტუცია გამორიცხულია, ვინაიდან ტანჯვა, რომელიც ადამიანს მიადგა ამოუშლელია მისი სულიერი აგებულებიდან. მატერიალური სახით კომპენსაცია არ ვრცელდება არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში. ამ დროს მისი კომპენსაცია უნდა მოხდეს ამ ფაქტების უარყოფით, იმავე საშუალებებით, რა საშუალებებითაც გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია.

მორალური ზიანის ანაზღაურების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მორალური ზიანის დაკისრება მხოლოდ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი:
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებით;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების დროს;
• 992-ე მუხლით ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევაში მორალური ზიანის მიყენების დროს.
აქვე უნდა აღინიშნოს იმ მსგავსების შესახებ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 253-ე პარაგრაფს შორის არსებობს. გსკ-ის 253-ე პარაგრაფი სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების პარალელურად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას სქესობრივი თვითგამორკვევის შემთხვევაშიც განსაზღვრავს. კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ორივე ქვეყნის კანონმდებლობას აერთიანებს, არის მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრული და სამართლიანი ფარგლების განსაზღვრა. გერმანიის სასამართლოები მორალური ზიანის დაკისრებისას ხელმძღვანელობენ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებების მიხედვით, თუმცა ასევე ითვალისწინებენ ყოველი საქმის ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას, რასაც ზიანის განსაზღვრის სხვადასხვა კრიტერიუმებს არგებენ.
საქართველოსა და გერმანიის სასამართლოები განცდილი სულიერი ტკივილის შეფასებას 3 კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ:
1. ტკივილის ინტენსივობა
მორალური ზიანისათვის მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს პირის მიერ განცდილი ტკივილის პროპორციული. ამ მხრივ ყურადღება ექცევა, სხეულის რომელი ნაწილი დაუზიანდა პიროვნებას, რამდენი ხანი გრძელდებოდა, რა ხნის განმავლობაში იყო შრომისუუნარო, იყო თუ არა მიყენებული დაზიანებები მნიშვნელოვანი, მიეკუთვნებოდა წვრილმან დაზიანებებს, რომლის შედეგადაც პირის გამოჯანმრთელება მალევე იყო შესაძლებელი.
2. ჩარევის ინტენსივობა
მიყენებული ტკივილის ინტენსივობის განსაზღვრის შემდგომ უნდა შეფასდეს, თუ რა პროცედურები დასჭირდა დაზარებულს გამოსაჯანმრთელებლად. პროცედურებში იგულისხმება საჭირო ოპერაციების რაოდენობა, აქვე აუცილებელია აღინიშნოს ის შემთხვევა, როდესაც პირს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არ დაუდგინდა.
3. ზიანის შედეგი
კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის დროს უნდა განისაზღვროს შესაბამისობა ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს შორის.

მორალური ზიანის დაკისრების არსებითი ხარვეზები

მორალური ზიანის დაკისრების ერთ-ერთ ხარვეზად იურისტების ერთი ნაწილი ტერმინის უზუსტობას მიიჩნევს. ტერმინი „მორალური“-ს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა, ის საკმაოდ ფართო ცნებაა და მის შეფასებას სასამართლო საკუთარი რწმენით ახორციელებს, მაშინ, როცა გერმანიის შემთხვევაში „ფული ტკივილისათვის“ შესაბამისი მტკიცებულებებით შესაძლოა დადგინდეს. ამ შემთხვევამ გასაჩივრების პრობლემამდეც შეიძლება მიგვიყვანოს, რადგან მოსამართლემ ფაქტობრივი გარემოებები შესაძლოა სუბიქტურად შეაფასოს, ვინაიდან მას ობიექტური მტკიცებულება არ გააჩნია.
ტერმინმა ბუნდოვანება შესაძლოა გამოიწვიოს მაშინაც, როცა მოდავე მხარეები იურიდიული პირები არიან, ხოლო დავის საგანს ქონებრივი ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგად ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იურიდიულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზრაურება, ვინაიდან მათ მორალის ნაცვლად მხოლოდ საქმიანი რეპუტაცია გააჩნიათ.
ერთ-ერთ შემდგომ პრობლემას წარმოადგენს ჯანმრთელობის დეფინიციის დაუზუსტებლობა. არცერთი საკანონმდებლო რეგულაციით არაა განსაზრვრული, თუ რას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დროს კი სასამართლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც ადამიანის ჯანმრთელობას სრული სოციალური, ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობა წარმოადგენს. ამ დროს კი სასურველია განიმარტოს რა ტიპის და როგორი ჯანმრთელობის დაზიანებაზე უნდა მოხდეს კომპენსაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე უნდა გავრცელდეს კუმულატიურად, თუ ალტერნატიულად.

საბოლოოდ, კი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ნორმები სრულყოფილად ვერ ახდენენ ამ თემის კონკრეტიზაციას. სასურველი იქნებოდა ამ შემთხვევაშიც გამოგვეყენებინა გერმანიის მსგავსად ცხრილები მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის.