• georgian flag
  • english flag

ლათინური სიტყვები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომელთა მნიშვნელობა უნდა იცოდეთ

author
თამარ ერგემლიძე
A A       606

post photoratione temporis - კანონის დროში მოქმედება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობების არგუმენტაცია ხშირად ემყარება ratione temporis-ის პრინციპს, რაც გულისხმობს სარჩელის მისაღებობის უარყოფას სასამართლოს მიერ, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ განსახილველი საქმის გარემოებების მიმდინარეობისას, ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ ჰქონდა ნაკისრი კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ratione materiae - მატერიალური, საგნობრივი შედავება
მთავრობა სარჩელის ევროსასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობას ხშირად უარყოფს ratione materiae-ს შეუსაბამობაზე მითითებით, რაც გულისხმობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამორიცხვას სადავო საკითხის არსის გათვალისწინებით.
მაგალითად, საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობა უთითებდა : „უპირველეს ყოვლისა, მთავრობა სასამართლოს სთხოვს, გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ახალმა, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ [რეპრესიების მსხვერპლთა კომპენსირების თაობაზე კანონი] მიიღო, როგორც აღიარებისა და სსრკ-ის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის დაგმობის აქტი. მთავრობის თანახმად, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ სისასტიკეზე და ვერც მომჩივნებისთვის 1937-1938 წლებში განცდილი ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა.“

ratione personae - კანონის მოქმედება პირთა წრის მიმართ
კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების ცალკეული უფლებების სუბიექტები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად საქმეზე „იდენტობა საქართველოს წინაღმდეგ“, თვით ორგანიზაციის, როგორც იურიდიული პირის სახელით წარდგენილი საჩივარი მის მიმართ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევის თაობაზე სასამართლომ უარჰყო ratione personae-ს შეუსაბამობის გამო. სასამართლომ მიუთითა რომ შეუძლებელი იყო, ადამიანისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ხელშეუხებლობა იურიდიულ პირს მიკუთვნებოდა. „კონვენციის 34-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, და ვერც კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების ცალკე აღებული დებულებების ან ამ დებულებების მე-13 და მე-14 მუხლებთან ერთობლიობაში წაკითხული უფლებების დარღვევის გამო [იურიდიული პირი] ვერ გამოვა პირდაპირ თუ ირიბ დაზარებულად. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში შეუთავსებელია მომჩივანი პირის თვალსაზრისით (ratione personae) კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პუნქტის შინაარსთან და უკუგდებულ უნდა იქნეს 35-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე.“

restitutio in integrum - რესტიტუცია საწყის პოზიციებზე დაბრუნებით / პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
საქმის განხილვის და დარღვევის დადგენის შემდგომ, სასამართლოს ამოცანაა განსაზღვროს იმ ღონისძიებათა ჩარჩო, რომელთა განხორციელებაც დაეკისრება სახელმწიფოს კონკრეტულ მომჩივანთან მიმართებით. გასატარებელ ღონისძიებათა შერჩევისას, სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს პრინციპით - restitutio in integrum, რომლის თანახმად სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგინდება დარღვევა, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მოახდინოს დარღვევის შედეგების რეპარაცია ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს აღდგენილი დარღვევის ჩადენამდე არსებული სიტუაცია (restitutio in integrum ).

mutatis mutandis - აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით
ფრაზა ხშირად გვხვდება სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტში, როდესაც სასამართლო ახდენს მისსავე განმარტებების და მისი პრაქტიკით დადგენილი პრინციპების ციტირებას. იგულისხმება, რომ მოხმობილი საქმეზე განვითარებული მსჯელობის გადმოტანა ახლანდელ საქმეზე უნდა მოხდეს გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი ცვლილებებით მხედველობაში მიღებით.

in fine – დასასრულს, საბოლოოდ
“განმცხადებელს მაინც ჰქონდა მფლობელობის დაბრუნების უფლება in fine სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე." (საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ).
„მთავრობისთვის, ვიდრე არ მოხდება 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 (§3) და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული კანონების in fine მიღება, მომჩივანთა უფლება, მიიღონ კომპენსაცია, ვერ იქნება საკმარისად დადგენილი ქონებრივი უფლება კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის გაგებით.“ (კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ).