• georgian flag
  • english flag

სასამართლოში საპროცესო დოკუმენტაციის წარდგენის წესი

author
მარი კახაძე
A A       717

post photoსასამართლოს მისაღები
მოქალაქესა და სასამართლოს შორის ურთიერთობა იწყება სასამართლოს მისაღებიდან. სასამართლოს მისაღები გიწევთ კოორდინაციას, გაწვდით ინფორმაციას, იბარებს განცხადება-სარჩელებს და პასუხობს მოქალაქეთა შეკითხვებს. სასამართლოს მიმართეთ მხოლოდ კანონით დადგენილ სამუშაო დღეებში, დადგენილი სამუშაო საათების გათვალისწინებით.

სარჩელი, განცხადება, საჩივარი
სასამართლოში სარჩელი შეიტანება სპეციალური ფორმის მეშვეობით, რომელიც გიადვილებთ მის ჩამოყალიბებასა და შევსებას, რაც ამცირებს ხარვეზის რისკს. სასამართლო ფორმები შეგიძლიათ გადმოწეროთ სასამართლოების ვებ-გვერდებიდან. მაგ: www.tbappeal.court.ge აირჩიეთ გრაფა „ფორმები“. შეგიძლიათ გამოიყენოთ არასასარჩელო ფორმები სამოქალაქო საქმეებზე. ფორმები შეგიძლიათ მიიღოთ სასამართლოს მისაღებშიც. იმისათვის, რომ თქვენს განცხადება-საჩივარს მოჰყვეს დროული რეაგირება, აუცილებელია მასში მიეთითოს ადრესატი (მაგალითად, მოსამართლე ან სასამართლოს სხვა მოხელე) და თქვენი კოორდინატები, საჭიროა ტელეფონის ნომრის მითითება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. ამასთან, სამოქალაქო საქმეზე სარჩელისა და შესაგებლის ფორმას დაემატა შეკითხვა საქმის სასამართლო მედიაციისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლოსათვის მიმართვის წესი
სარჩელი უნდა ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიას, სადაც ხდება მისი რეგისტრაცია. თუ სარჩელში არსებობს ხარვეზი, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი სარჩელს რეგისტრაციაში არ გაატარებს, მიგითითებთ ხარვეზზე და გაძლევთ მისი გამოსწორების რეკომენდაციას. ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კვლავ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელება, შესაბამისად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იურიდიულ მომსახურებას ეწევა. მოიძიეთ უფასო იურიდიული დახმარება უფასო იურიდიული დახმარების პორტალზე
თქვენი სარჩელის/განცხადების ჩაბარების შემდეგ კანცელარიის თანამშრომელი გაძლევთ ე.წ. „სარეგისტრაციო ბარათს”, სადაც მითითებულია ჩამბარებელი პირი, რეგისტრაციის ნომერი და სასამართლოს ტელეფონის ნომერი. მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერი, გადაიღონ საქმის მასალების ქსეროასლები. "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონი

ინფორმაცია საქმის შესახებ
სასამართლოს მისაღებიდან/კანცელარიიდან საქმე გადაეცემა მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს თქვენი სარჩელი ან განცხადება. სარჩელის ჩაბარებიდან მეორე დღეს შეგიძლიათ დარეკოთ თქვენს „სარეგისტრაციო ბარათზე” მითითებულ ნომერზე ან სასამართლოს საინფორმაციო ხაზზე და სასამართლოს თანამშრომელი შეგატყობინებთ, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერა თქვენი საქმე. მოსამართლესთან ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლესთან სხვაგვარი კომუნიკაცია აკრძალულია და ისჯება კანონით. საქმესთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოსამართლის თანაშემწეს, რომლის კოორდინატებიც მითითებულია სასამართლოს მიერ გამოგზავნილ უწყებაში, გზავნილში, სასამართლოს ვებ-გვერდსა და სასამართლოს მისაღებში, სპეციალურ დაფაზე.