• georgian flag
  • english flag

პირდაპირი მარკეტინგი

author
მარი კახაძე
A A       414

post photoერთხელ მაინც თუ მიგიღიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საფოსტო გზავნილით, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტით, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ან თქვენთან უშუალო კომუნიკაციით საქონლის, მომსახურების, დასაქმების შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა ე.ი თქვენს მიმართ ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი.

საქართველოში ამ საკითხებს არეგულირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

პირდაპირი მარკეტინგის გზით შეთავაზებას, თხოვნას ახორციელებენ საჯარო დაწესებულებები, ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც განსაზღვრავენ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავების საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. ხშირ შემთხვევაში უფლებამოსილი პირები არიან სარეკლამო ორგანიზაციები.

პირდაპირი მარკეტინგი მიმართულია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდეგ იღებენ მომსახურებას ან საქონლის შეთავაზებას. ამ მიზნებისთვის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს უშუალოდ მომხმარებლისგან ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. ამ უკანასკნელისგან შეიძლება შეგროვდეს მხოლოდ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქსის ნომერი. (კანონის მე-8 მუხლი). პირის შესახებ ინფორმაცია საჯაროა თუ სუბიექტი უშუალოდ თვითონ ასაჯაროებს ინფორმაციას, მისი თანხმობით გახდა საჯარო ან იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული მონაცემების საჯაროობა განსაზღვრულია კანონით.

კანონი ადგენს იმ ფიზიკური პირების ( პირდაპირი მარკეტინგის სუბიექტები) უფლებებს, რომელთა მონაცემები მუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით:
 იცოდეს მონაცემთა შეგროვების წყარო, მარკეტინგის განმახორციელებლის
ვინაობა, მონაცემთა დამუშავების მიზანი და კანონიერი საფუძველი;
 იცოდეს, რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ და ნებისმიერ დროს მოითხოვოს
მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
 მოითხოვოს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის
გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დროს (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა
თანხმობა გაცემული) იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელება მარკეტინგი ან
გამოიყენოს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება;
 უარი განაცხადოს მისი მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემაზე;

თუ პირდაპირი მარკეტინგის სუბიექტი მიიჩნევს, რომ თავის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ უკანონოდ შეუძლია მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს.