• georgian flag
  • english flag

ფემინიზმი, შავი ფემინიზმი და ე.წ. უხილავი დისკრიმინაცია

author
თამარ ერგემლიძე
A A       1329

post photoფემინიზმი თავისთავად არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მიმართულია სექსისტური ზეწოლის აღმოფხვრისაკენ. განსაკუთრებით კი იგი ესწრაფვის ქალთა უფლებრივ გათანასწორებას მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში. ფემინიზმის მრავალ მიმდინარეობათა შორის არის "შავი ფემინიზმიც", (ტერმინი პირველად სამართლის მკვლევარის Kimberlé Crenshaw-ს მიერ იქნა გამოყენებული 1989 წელს.).

შავი ფემინიზმი აღწერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იყო დისკრიმინაცია ფერადკანიანი ქალის მიმართ, განხილულიყო, როგორც ცალკე აღებული დისკრიმინაცია სქესის ნიშნით ან დისკრიმინაცია რასობრივ ნიადაგზე. მოცემულობა „ფერადკანიანი ქალი“ უნდა განხილულიყო როგორც ერთიანობა და მასთან მიმართებით დისკრიმინაციის გამოვლინებებიც უნდა შესწავლილიყო დამოუკიდებლად ამ ერთიანობასთან მიმართებით, რამდენადაც სქესობრივი, რასობრივი, გენდერული და კლასობრივი ფაქტორები ერთმანეთზე ახდენდენ განუყოფელ ზემოქმედებას. მიუხედავად არც თუ ხანმოკლე ისტორიისა, შავი ფემინისზმის იდეებმა ფართო საზოგადოებაში გავრცელება ჰპოვა უკვე 2010 წლიდან, სოციალური მედიის მეშვეობით.

დღესდღეობით ქალთა უფლებების დაცვა, ფემინიზმი და დისკრიმინაციის აკრძალვა სქესობრივი თუ სხვა ნიშნებით საკმაოდ აქტუალიზებულია და თანდათან იხვეჭს მხარდაჭერას ყველა სოციალურ წრეში.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაძლეულია დისკრიმინაციის მთელი რიგი უხეში გამოვლინებები, მაინც არსებობს ნაკლებ გაცნობიერებული და ე.წ. „უხილავი“ ფორმები, რომელიც დღესდღეობითაც იჩენს თავს ბევრ განვითარებულ კორპორაციებშიც კი.

Caroline Turner - ფასილიტატორი, სპიკერი, ეფექტური სამუშაო გარემოს კონსულტანტი და სხვდასხვა ნაშრომების ავტორი ამ თემასთან დაკავშირებით წერს:
"მე მოგიყვებით ერთ ისტორიას, რომელიც ცოტა ხნის წინ გადამხდა. ეს დაახლოებით ასე შეიძლება დავიწყოთ: „სამსახურში ბოლო შეხვედრაზე მე ვთქვი ერთი იდეა, რომელიც ვფიქრობდი რომ ღირებული იყო. არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია ჩემს ნათქვამს. რამდენიმე წუთის შემდეგ ....“
მე აქ შევჩერდები და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქალი დაასრულებდა ამ ისტორიას ერთნაირად: „შემდეგ ბილმა წარმოთქვა იგივე აზრი და ყველამ აღიარა იდეის ბრწყინვალება.“ ამ ისტორიის იდენტური დასასრული ერთადერთი მიზეზით არის შესაძლებელი: იგი რეგულარულად ხდება ყველა ქალთან მიმართებით.

ბევრი მამაკაცისათვის შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, რომ ქალები ასე აღიქვამენ, თითქოს მათი კომენტარები არ იმსახურებს გამოხმაურებას და ხშირად ხდება მამაკაცთა მხრიდან მათი მისაკუთრება.
რამდენიმე წლის წინ, ჩემს უფროსს, აღმასრულებელ დირექტორს ვუთხარი, რომ ქალები ხშირად აწყდებიან ასეთ მოვლენას და ეს ძალიან აკნინებს მათი თვითღირებულების განცდას და რომ ისინი, შედეგად, თავს გრძნობენ საქმიანობაში ნაკლებ ჩართულად.
უფროსმა მიპასუხა, რომ მე ვაჭარბებდი და იგი არ ფიქრობდა ასე. შემდეგ შეხვედრაზე, როდესაც ეს ისევ განმეორდა და ბილმა გაიმეორა ზუსტად იგივე აზრი, რაც მე რამდენიმე წუთის წინ მქონდა ნათქვამი, მე უბრალოდ გადავხედე ჩემს უფროსს. ის ცოტა გაოცებული თვალებით მიყურებდა, მაგრამ შემდეგ სწრაფად დაამატა, „ბილ, როგორც ჩანს შენ ეთანხმები კაროლინის ნათქვამს.“ ახლა უკვე, როდესაც უფროსი მგრძნობიარე გახდა ამ ფენომენის მიმართ, მან შეძლო დაენახა და დაეფასებინა ქალების მხრიდან მომავალი იდეები, რომლთა „მისაკუთრებაც“ ხშირად ხდება.

მოდი დავფიქრდეთ, მართლა ასეა? მამაკაცები განზრახ იპარავენ კარგ იდეებს ქალებისაგან?
ვფიქრობ, ეს შეიძლება გაუცნობიერებელი პროცესიც კი იყოს მამაკაცებისათვის. ისინი „ყურს მოკრავენ“ იდეას და შემდეგ თვითონ ახმოვანებენ, რის შედეგადაც, გაუცნობიერებლად, მიაჩნიათ რომ ეს სწორედ მათი იდეაა.
მაგრამ როგორ ხდება, რომ ქალის მიერ გაჟღერებული იდეა, შეიძლება არ იყოს ცხადი და სათანადოდ აღქმული? კომუნიკაციის ის მეთოდი და გზა, რომელსაც ქალები მიმართავენ სამსახურებრივი ურთიერთობებში და შეხვედრებისას შეიძლება იყოს ერთ-ერთი ახსნა ამ ფენომენისათვის.
ჯერ კიდევ ბავშვობაში პატარა გოგონებს ასწავლიან, რომ ისინი უნდა დაელოდონ თავიანთ „ჯერს“. ამიტომ ქალებისათვის ბევრად უფრო რთულია ჩაეჭრან მოსაუბრეს ან დაიბრუნონ სიტყვა როდესაც მათ ჩაეჭრებიან.
კვლევები აჩვენებს რომ საქმიან შეხვედრებზე ქალები საუბრობენ გაცილებით ნაკლებს ვიდრე მამაკაცები. ისინი ალბათ ელოდებიან როდის დადგება მათი რიგი, თუმცა ეს შესაძლოა სრულებითაც არ მოხდეს.
თუ ისინი მაინც ჩაერთვებიან საუბარში, ამას შესაძლოა ჰქონდეს მოკლე და რამდენიმე სიტყვიანი კომენტარის ან „ჩალაპარაკების“ სახე, რათა მათ შემთხვევით არ გადააჭარბონ ყველასათვის „თანაბრად გადანაწილებულ“ დროს.
შეფასების სახით ქალები ძალიან ხშირად იღებენ ე.წ. feedback-ს „არ მონაწილეობს შეხვედერბში აქტიურად“.

მაშინ როდესაც ქალები, რომლებიც იყენებენ ე.წ. ქალურ მიდგომას და ქცევას, არ აღიქმებიან ძლიერად, ქალები, რომლებიც მეტად „მამაკაცური“ კომუნიცირების მეთოდებს მიმართავენ (მაგალითად თავდაჯერებულობის და კომპეტენციის გამოვლენა) არ იმსახურებენ მოწონებას საზოგადოების მხრიდან. ეს ორმაგი ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულება ნამდვილად არსებობს. ზოგიერთი ქალი შესაძლოა კიდეც გამოთქვამდეს მოსაზრებებს, აწყვეტინებდეს და იბრუნდებდეს წართმეულ სიტყვას, იცავდეს თავის იდეებს მაგრამ ასეთი ქცევისათვის ის აუცილებლად იქნება „გაკიცხული“.

კომუნიკაციის მამაკაცური სტილი გულისხმობს დამაჯერებელი კონსტრუქციების გამოყენებას: „ეს სავარძელი არის ლურჯი“. აზრის გადმოცემის ეს ფორმა ძალიან დამაჯერებლად ჟღერს. დამაჯერებელი ქცევა კი ასოცირდება კომპეტენციასთან. ბევრი მამაკაცი გამოთქვამს მოსაზრებებს დარწმუნებით, მაშინაც კი როდესაც ისინი არ არიან დარწმუნებული თავიანთ სიმართლეში. სავარძელი შესაძლოა იყოს არა ლურჯი არამედ მოლურჯო მწვანე!
ამის საპირისპიროდ, კომუნიკაციის ქალური სტილი არის სავსე ე.წ. თავის დაზღვევის ფრაზებით („მე ვფიქრობ ეს სავარძელი მომწვანო ლურჯია“) პასუხისმგებლობის არიდების („დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ..“) ან კითხვითი სიტყვებით („ეს სავარძელი მოლურჯოა არა?“). უამრავი ქალი იყენებს კომუნიკაციის ამ სტილს მაშინაც კი, როდესაც იგი 100%-ით დარწმუნებულია საკუთარ მოსაზრებაში.
ცხადია, რომ ბრწყინვალე იდეაც კი ვერ მიიღებს მხარდაჭერას, თუ იდეის ავტორი არ არის დარწმუნებული მის ბრწყინვალებაში!

გავლენის მოხდენის მამაკაცური სტილი გულისხმობს უფრო იმპერატიული ენის გამოყენებას. ტიპიური მამაკაცი თავის გუნდს ეტყოდა „აი სწორედ ეს არის, რისი გაკეთებაც გვჭირდება“. მაშინ როდესაც ქალურ სტილს უფრო დარწმუნება წარმოადგენს. ქალის მიმართვა გუნდისადმი იქნებოდა „ერთი იდეა მაქვს, რომელიც მინდა თქვენთან ერთად განვიხილო“. ან შეიძლება მას თავისი იდეა გადაეტანა კითხვით ფორმულირებაში „რას ფიქრობთ ამ იდეაზე?“. ტონიც კი ქალების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ლიდერობა და ავტორიტეტი ასოცირებულია ღრმა მამაკაცურ ხმასთან და არა ნაზ წვრილხმოვან მეტყველებასთან. მამაკაცური სტილი ასოცირებულია ლიდერობასთან და ძალასთან. ქალური სტილი კი არა. რატომ?
კიდევ ეთხელ მივდივართ არსებულ ორმაგ მოცემულობამდე. ეს მოცემულობაა ზუსტად ის, რაც აიძულებს ქალებს არ გამოიყენონ მბრძანებლური მიდგომა და ტონი.

ამიტომ, ქალების იდეების განზრახ „მოპარვის“ ნაცვლად შესაძლოა მამაკაცები სწორედ ამ ფაქტორის გამო რეაგირებენ ქალების მხრიდან წამოსულ იდეებზე ხსენებული ფენომენით. მაგალითად, ქალი გამოთქვამს რაიმე მოსაზრებას, მამაკაცი რომელიც გრძნობს იდეის გატანის უნარის ნაკლებობას, იმეორებს სწორედ ამ იდეას, მაგრამ უფრო დამაჯერებლად და ხმამაღლა. განხილული ფენომენი მართლაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ძალაუფლებასთან. მამაკაცებიც აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს, როდესაც იდეის პირველად გახმოვანება ხდება ისეთი მამაკაცის მიერ, რომელიც არ არის აღიარებული ჯგუფის მიერ.
ასე რომ, ქალები არ წარმოადგენენ ერთადერთ ჯგუფს, სადაც ძალაუფლების უთანასწორობა წყვეტს თუ ვისი იდეები იქნება მოსმენილი. მაგრამ ქალები აშკარად განეკუთვნებიან ასეთ ჯგუფს. ის ფაქტი რომ ქალები ერთადერთები არ არიან, ვისი იდეების მისაკუთრებაც ხდება სხვათა მიერ, არ ნიშნავს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი პრობლემა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა.

ამიტომ ამ ფენომენის შესახებ ცოდნა და მისი გაცნობიერება, მის მიმართ მგრძნობელობის ამაღლება არის საწყისი პუნქტი, რომელიც მის დაძლევაში დაგვეხმარება."

წყარო: https://www.forbes.com/sites/womensmedia/2012/12/03/womens-ideas-do-men-intentionally-steal-them/#415bbd6d7b79