• georgian flag
  • english flag

„მირანდას უფლებები”

author
მეგი ბაგრატიონი
A A       1746

post photoსაქმეზე - “მირანდა არიზონას წინააღმდეგ“ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დამკავებელ მოხელეებს დაევალათ დაკავებულს/ბრალდებულს აცნობონ თავისი უფლებების შესახებ. უფლებათა ამ ჩამონათვალს „მირანდას გაფრთხილების“ სახელითაც მოიხსენიებენ.

საქმე - „მირანდა არიზონას წინააღმდეგ“ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მცირე ანალიზი:

ფენიქსის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 1963 წლის 13 მარტს, დაკავებული იქნა 23 წლის ერნესტო მირანდა. მირანდამ ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ „აღიარა“ დანაშაული და ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ადასტურებდა, რომ „ჩვენებას აძლევდა ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების, იძულების გარეშე, საკუთარი უფლებების სრული ცოდნითა და გაცნობიერებით.“ ერნესტო მირანდა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა 20-დან 30-წლამდე პატიმრობა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევამდე, პოლიციაში მიღებული ყველა ჩვენება ითვლებოდა ნებაყოფლობითად და გამოიყენებოდა სასამართლოში.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მირანდას დაკავების პროცესში უფლებები არ გასცნობია და არც მისი აღიარება ყოფილა ნებაყოფლობით გაკეთებული.

მირანდას ადვოკატებმა გაასაჩივრეს განაჩენი იმ საფუძვლით, რომ კონსტიტუციის მეხუთე დამატება, რომელიც იცავდა ეჭვმიტანილს დანაშაულის თვითაღიარებისაგან, გაერთიანებული იყო მეექვსე შესწორებასთან, რომელიც უზრუნველყოფდა მას ადვოკატით. მოსამართლე ერლ უორენმა ეს შესწორება პირველმა გამოიყენა და 1966 წელს უზენაესმა სასამართლომ ერნესტო მირანდას დაუნიშნა ახალი მოსმენა. სასამართლომ შეცვალა განაჩენი, მოსამართლემ დაწერა, რომ ერნესტო მირანდას ჩვენებები არ იყო ნებაყოფლობითი - “ დამრთგუნველი გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციაში დაკითხვისას, ქმნიდა დანაშაულის აღიარების პირობას”. აქედან გამომდინარე უორენმა დაასკვნა, რომ: ,,თუ არ შეიქმნება ეჭვმიტანილის ადეკვატური დამცავი პირობები, არც ერთი აღიარება არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი ნების პროდუქტად”.

ამის შემდეგ, სასამართლომ მოახდინა ,,მირანდას” გაფრთხილების ფორმულირება. თუ ,,მირანდას გაფრთხილების“ შემდეგ დასაკითხი გამოიყენებს მინიჭებულ უფლებას (დუმილის უფლება, დამცველის უფლება), ეს უკვე კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ დაკითხვა უნდა შეწყდეს.

ბრალდებულისთვის საკუთარი უფლებების განმარტება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული - „დაკავებულ ან დაპატიმრებულს პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.“
უფლებათა ჩამონათვალს აზუსტებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი - დაკავებულს გასაგები ფორმით უნდა განუმარტოს უფლებამოსილმა პირმა:

o რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული
o გასაგები ფორმით შეატყობინოს დაკავების საფუძველი
o აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე
o დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება
o უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული
o რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შეასაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში
o დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.

აღნიშნულ უფლებებს, როგორც ავღნიშნეთ, „მირანდას უფლებების“ სახელითაც მოიხსენიებენ.

წყარო:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346
http://www.todayifoundout.com/index.php/2015/06/story-behind-miranda-rights/
https://mirandarights3.weebly.com/ernesto-mirandas-arrest.html
https://www.shmoop.com/historical-texts/miranda-v-arizona/ernesto-miranda.html
http://www.mirandawarning.org/historyofmirandawarning.html
https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034