• georgian flag
  • english flag

როგორია კარგი ადვოკატი?!

author
თამარ ჭალიძე
A A       318

post photoსაქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

მაინც როგორია კარგი ადვოკატი? - ადვოკატი, რომელიც განუხრელად იცავს კანონისა და ეთიკის ნორმებს, გულისხმიერებით ეკიდება მასზე მინდობილ თითოეულ საქმეს და კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება; ბ) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; გ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; დ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; ე) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ვ) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; თ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

ადვოკატი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად კი, ადვოკატი ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა.