• georgian flag
  • english flag

ამორალური გარიგება არ უნდა შესრულდეს

author
თამარ ჭალიძე
A A       189

post photopacta quae turpem causam continent non sunt observanda - ლათინური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამორალური განზრახვით დადებული ხელშეკრულებები არ უნდა შესრულდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ გარიგების მართლსაწინააღმდეგოობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა.

წყარო: განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.04.14 წ. გადაწყვეტილება საქმე №2ბ/4686-13