• georgian flag
  • english flag

სასამართლოში ქცევის ეტიკეტი - ძირითადი წესები

author
თამარ ჭალიძე
A A       1102

post photoსასამართლოში ქცევის ეტიკეტი - ძირითადი წესები

1. სასამართლოში წასვლისას ეცადეთ ჩაიცვათ აკადემიურად;
2. არ დაიგვიანოთ სასამართლო სხდომაზე;
3. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ადვოკატის შემთხვევაში, შესაბამისი მოწმობა;
4. გამორთეთ მობილური ტელეფონი სასამართლო სხდომათა დარბაზში შესვლამდე;
5. იყავით თავაზიანი მოსამართლის, მოწინააღმდეგე მხარის და სასამართლოს პერსონალის მიმართ; მიმართეთ მოსამართლეს პატივისცემით, როგორც „თქვენო ღირსებავ“ (Your Honor) ან „მოსამართლე“ (Judge);
6. წამოდექით, როდესაც მოსამართლე (ან ნაფიცი მსაჯულები) შემოდის/გადის;
7. წამოდექით, როდესაც მიმართავთ მოსამართლეს, ან კითხვას უსვამთ მოწმეს;
8. არ შეაწყვეტინოთ საუბარი მოსამართლეს, მოწინააღმდეგე მხარეს ან სხვა პირს;
9. ესაუბრეთ მოსამართლეს პირდაპირ და არ გააბათ საუბარი მეორე მხარესთან, ან დარბაზში მსხდომებთან; დაიცავით სიჩუმე;
10. თუ წარმომადგენელი გყავთ, დააცადეთ მას საუბარი;

მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლი).

წინააღმდეგ შემთხვევაში, წესრიგის დარღვევისათვის სასამართლო შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.

სასამართლო აფრთხილებს მხარეებს, რომ თუ ისინი თვითნებურად მიატოვებენ სხდომას, მათ მიმართ გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება წარმომადგენელს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეს თავიდანვე აწარმოებდა რამდენიმე წარმომადგენელი. ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს შესაბამისი განჩინება, რომელიც ეგზავნება ადვოკატთა გაერთიანებას.

პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას, და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე შეფარდებული ჰქონდა ამ ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის არა უმეტეს 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.

სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს წესრიგის დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სასამართლოს თავმჯდომარის (მოსამართლის) მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის დამცველს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პატიმრობის გამოყენების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო (მოსამართლე) განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.

პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:

ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;
ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.