• georgian flag
  • english flag

მოთხოვნის დათმობის აკრძალვა - pactum de non cedendo

author
თამარ ჭალიძე
A A       227

post photoმოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლი).

მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე მხოლოდ მაშინ იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მოვალეობას, თუ ცედენტმა ცესიონერს ნამდვილი უფლება გადასცა. თუ მოთხოვნის უფლება არ არსებობს, შესაბამისად, მოთხოვნის გადაცემა არ ხორციელდება ნამდვილი უფლების საფუძველზე, რაც გარიგებას კანონსაწინააღმდეგოს ხდის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად აქცევს.

pactum de non cedendo (ლათ.) - წარმოადგენს სახელშეკრულებო დათმობის აკრძალვის პრინციპს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება თავის კომპეტენციაში არსებული მოთხოვნა მოვალის მიმართ მესამე პირს დაუთმოს.

აღნიშნული სახის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

ამდენად, კანონი აწესებს რა მოთხოვნის დათმობის თავისუფლების სტანდარტს, ითვალისწინებს ასევე რიგ შემთხვევებს, როდესაც მოთხოვნის დათმობა შეუძლებელია, კერძოდ, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან როდესაც მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს ან თუ ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მოთხოვნის დათმობა გამორიცხულია.

საინტერესოა, რომ მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ხოლო, თუ რა შეიძლება იყოს პატივსადები ინტერესი, ამის პირდაპირ განმარტებას ცხადია, კანონი არ შეიცავს. ამდენად, პატივსადებია, თუ არა მოვალის ინტერესი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს და დავის არსებობისას, მისი განმარტება სასამართლოს ეკისრება.

მაგალითისთვის, ერთ-ერთ საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა წილის უფლების დათმობის, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, წილის ეკვივალენტი ქონების მოთხოვნის უფლების დათმობის (გადაცემის) ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე გადაცემის დაუშვებლობის როგორც კანონისმიერი, ასევე სახელშეკრულებო საფუძვლები, კერძოდ, კანონისმიერ საფუძვლებთან მიმართებით, ნიშანდობლივია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლზე აპელირება, რომლის მიხედვითაც წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. ამხანაგობის ხელშეკრულების ფარგლებში ამხანაგობის წევრების თანხმობის გარეშე წილის უფლების დათმობის კანონისმიერი აკრძალვის გარდა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, აღნიშნული აკრძალვის თაობაზე მხარეთა შორის ხელმოწერილი სახელშეკრულებო პირობაც, კერძოდ, ამხანაგობის დაფუძნების სანოტარო აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ მითითებულია, რომ ამხანაგობიდან ერთ-ერთი დამფუძნებლის გასვლისას გასული წევრის წილი ნაწილდება დარჩენილ დამფუძნებლებს შორის მათი წილების პროპორციულად, თუ დამფუძნებლები ერთხმად არ დაადგნენ წილის განაწილების სხვა წესს. გამსვლელ დამფუძნებელს უნდა მიეცეს თავისი წილის ფულადი კომპენსაცია. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ამხანაგობაში წილის გასხვისებისათვის „გამსვლელ დამფუძნებელს“ ესაჭიროებოდა ამხანაგობის წევრთა თანხმობა, ვინაიდან, პირველ რიგში, ამხანაგობის წევრებს აღნიშნული წილის შესყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდათ.


წყარო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (www.matsne.gov.ge); ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი (www.gil.ge); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.09.2011 წ. განჩინება საქმეზე №2ბ/1375-11