• georgian flag
  • english flag

ადვოკატების არჩევანი - „დღევანდელი კვერცხი, თუ ხვალინდელი ქათამი?..“

author
თამარ ჭალიძე
A A       226

post photoსამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტების სიღრმისეული ცოდნა სასამართლოში საქმის განხილვისას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. პროცესუალური ინსტიტუტებისა და მათი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია საქმის განხილვის დრო და სასურველი შედეგის დადგომა მნიშვნელოვნად დაჩქარდეს.

ამ კონტექსტში, საინტერესოა შეფასდეს, სააპელაციო ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობისას აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის მიზანშეწონილობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის დანაწესი სააპელაციო ინსტანციაზეც ვრცელდება. კერძოდ, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე (აპელანტი), რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო თუ მოპასუხე (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

აქედან გამომდინარე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, რომლის სასარგებლოდაც იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი, ცხადია, საქმის განხილვის დროულად დასრულება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ეჩქარება. ამდენად, მან უნდა გაითვალისწინოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები.
თუ სასამართლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს (სსსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობის პირობებში), აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით საჩივრის შეტანის უფლება აქვს. საჩივრის წარდგენის ვადაა აპელანტისათვის კანონით დადგენილი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღე.

ამრიგად, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში მის წინააღმდეგ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის შემდეგ, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას. საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. სასამართლოს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება. ხოლო, თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა (გასაჩივრების ვადა 12 დღე).
საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემდეგ, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განხილვა.

თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით (საკასაციო წესით, გასაჩივრების ვადა 21 დღე).

ყოველივე ზემოთ აღწერილი ცხადყოფს, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნა ყოველთვის გამართლებული არ არის. ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, საქმის საბოლოოდ განხილვას შესაძლოა ბევრად მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე, ასეთი შუამდგომლობის დაუყენებლობის გამო, სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გზით საქმის განხილვის დასრულებას.

თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო არ იშუამდგომლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და თუ წინააღმდეგი არ არის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს, რაზედაც აპელანტს შეუძლია კერძო საჩივარი წარადგინოს (განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში). კერძო საჩივარს კი პირდაპირ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს და მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში, ამოწმებს, თუ რამდენად კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა აპელანტის სასამართლო სხომაზე მოწვევა და ხომ არ ქონდა ადგილი გამოუცხადებლობის საპატიოობას, აღნიშნული გარემოებების არარსებობის შედეგად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს და კანონიერ ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ კანონიერ ძალაში შედის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც.