• georgian flag
  • english flag

მოსამართლე ე.წ. სმაილების მნიშვნელობას განმარტავს

author
თამარ ერგემლიძე
A A       6697

post photoისრაელში ცოტა ხნის წინ კურიოზულ დავას ჰქონდა ადგილი. მოსამართლეს უნდა დაედგინა მოკლე ტექსტური შეტყობინებაში გამოყენებული ე.წ. სმაილების სამართლებრივი მნიშვნელობა. სწორედ ამ ემოციების გამომხატველი ფიგურაკების მნიშვნელობის გამო დაეკისრა მხარეს 2000 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გამქირავებელმა ინტერნეტში განათავსა ბინის გაქირავების განცხადება. განცხადებასთან დაკავშირებით მან მიიღო ტექსტური შეტყობინება, რომელიც ტექსტთან ერთად ემოციის გამოსახულებებსაც შეიცავდა.
შემდგომში ტექსტური შეტყობინების გამგზავნმა დაინტერესებულმა პირმა უარი განაცხადა ბინის დაქირავებაზე.
გამქირავებელი კი ირწმუნებოდა, რომ მიღებული ტექსტური შეტყობინების შინაარსი მისი ტექსტისა და ემოციის ფიგურაკების გათვალისწინებით უნდა განმარტებულიყო, როგორც უკვე დადებული შელშეკრულება.
„დილა მშვიდობის [Emoji] სახლით დაინტერესებული ვარ [Emoji] მხოლოდ უნდა შევთანხმდეთ დეტალებზე ....

როდის გაქვთ დრო?“
დაინტერესებული პირი შეტყობინებაში იყენებდა როგორც მოცეკვავე ფიგურებს, ასევე შამპანიურის ბოთლის გახსნის გამოსახულებას (იხილეთ სურათი).
ვინაიდან სავარაუდო დამქირავებელი ძალიან დაინტერესებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გამქირავებელმა შეტყობინების მიღებისთანავე ინტერნეტიდან წაშალა გაქირავების განცხადება. შემდგომ შეტყობინებებში კი ხდებოდა ქირავნობის თანხის შეთანხმება.
ოდნავ მოგვიანებით, დაინტერესებული პირი გამქირავებელს აცნობებს, რომ მან სხვა ბინის დაქირავება გადაწყვიტა, ამიტომ აღარ არის დაინტერესებული ამ ბინით.
გამქირავებელმა მიმართა ისრაელის სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მისი მოსაზრებით მხარეებს შორის უკვე დადებული იყო ხელშეკრულება, რომელიც მეორე მხარეს უბრალოდ აღარ სურდა შეენარჩუნებინა.
მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ უნდა გაგებულიყო ტექსტურ შეტყობინებაში გამოყენებული ემოციის ფიგურაკები, და თუ ასეთი შეტყობინების შედეგად ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო დადებულად.
სასამართლოს განმარტების თანახმად, თავისთავად ტექსტური შეტყობინება ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ხელშეკრულების დადებას. თუმცა, შეტყობინებები აჩვენებდნენ, - მათ შორის მოცეკვავე ფიგურის და შამპანიურის ბოთლის გამოსახულების გამოყენება, რომ შეტყობინების ავტორს ჰქონდა ბინის დაქირავების მიმართ ცალსახა ინტერესი, რომელმაც მესაკუთრეს ცრუ განზრახვით შეუქმნა ხელშეკრულების სწრაფად დადების რწმენა.
ამის გამო შეტყობინების გამგზავნს დაეკისრა 8000 შეკელის (დახლ. 2000 ევრო) ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. როგორი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო ასეთი დავა საქართველოში, ამის გადაწყვეტა თქვენთვის მოგვინდია, თუმცა სახელშეკრულებო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი - culpa in contrahendo (ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე მხარეების გულისხმიერების ვალდებულება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317 მუხლებითაც არის აღიარებული.
ემოციების გამომხატველი ე.წ. ფიგურაკების სამართლებრივი განმარტება არა მხოლოდ ისრაელის მოსამართლის დღის წესრიგში დადგა.
გერმანიის ბადენ-ვურთემბერგის შრომითი დავების განმხილველი სამხარეო სასამართლოს (LAG BW, Urteil vom 22.6.2016, 4 Sa 5/16) მოსამართლემ, გადაწყვეტილებაში იმსჯელა ტექსტურ შეტყობინებებში ღორის ფიგურის გამოყენების გამო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლიანობაზე და განმარტა, რომ ღორის ფიგურის გამოყენება პიროვნების მისამართით ნამდვილად შეიძლებოდა ჩათვლილიყო მძიმე შეურაცხყოფად, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს არ ამართლებდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას.

წყარო: http://justillon.de/2017/05/irrefuehrende-emojis-schadensersatz/