• georgian flag
  • english flag

ტრანსექსუალი მამაკაცი არის ბავშვის დედა, და არა მამა

author
თამარ ერგემლიძე
A A       2806

post photoტრანსექსუალი მამაკაცი (ქალიდან მამაკაცად გარდაქმნილი) არის მისგან დაბადებული ბავშვის დედა და არა მამა, განმარტავს გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლო.

2017 წლის 25 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრანსექსუალი, რომელიც დაბადებით იყო მდედრობითი სქესის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მამრობით სქესად, ამ ცვლილების შემდგომ, მის მიერ გაჩენილი ბავშვისთვის, სამართლებრივად წარმოადგენს დედას და არა მამას.

ფაქტები:
განმცხადებელი იყო ტრანსექსუალი. იგი დაიბადა 1982 წელს, როგორც მდედრობითი სქესის მატარებელი ბავშვი. მას დაბადებისას მიენიჭა მდედრობითი სქესის სახელი. 2008 წლის ნოემბერში იგი დაქორწინდა მამაკაცზე. 2010 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მან მდედრობითი სქესის სახელი შეიცვალა მამრობითი სქესის სახელით. 2011 წლის აპრილში კი, სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იგი აღიარებული უნდა ყოფილიყო როგორც მამრობითი სქესს მიკუთვნებული.

2013 წლის თებერვალში მოსარჩელე განქორწინდა. 2013 წლის მარტში მოსარჩელემ გააჩინა ბავშვი.
ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მამრობით სქესს მიკუთვნების შემდეგ, შეწყვიტა ჰორმონების მიღება, და კვლავ გახდა დაბადების უნარის მქონე.

ბავშვი წარმოიშვა სპერმის ბანკის დახმარებით. სპერმის დონორთან შეთანხმებული იყო, რომ იგი არ იქნებოდა ბავშვის მამა სამართლებრივი გაგებით.
ბავშვის დაბადებისას, რეგისტრაციის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა გადაწყვეტილიყო, როგორ უნდა მომხდარიყო დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისას განმცხადებლის მონაცემების შეტანა. სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი უნდა დარეგისტრირებულიყო, როგორც ბავშვის „დედა“, და კერძოდ მისი დაბადების დროინდელი მდედრობითი სქესის გამომხატველი სახელით. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართული საჩივარი ზემდგომმა სასამართლომ უარყო.
განმცხადებლის საკასაციო საჩივრის თანახმად, განმცხადებელს და მის მიერ წარმოდგენილ ბავშვს სურთ, რომ მიაღწიონ მისი როგორც ბავშვის „მამის“ რეგისტრაციას, მისი ახლანდელი აქტუალური მამრობითი სქესის სახელით.

გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს (BGH) განმარტებები:
BGH-ს განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ განმცხადებელი მიკუთვნებულ იქნა მამრობით სქესს და სქესიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებებიც ვრცელდებოდა მასზე, როგორც მამაკაცზე.
ამის მიუხედავად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელის შეცვლისა და განსაკუთრებულ შემთხვევებში სქესობრივი მიკუთვნებულობის დადგენის შესახებ კანონის (TSG) მე-11 მუხლის მიხედვით, ურთიერთობები მასა და მის შვილს შორის უცვლელად უნდა დარჩენილიყო. მე-11 მუხლის დანაწესი გავრცელდებოდა ტრანსექსუალი მშობლის ისეთ ბიოლოგიურ შვილზე, რომელიც დაბადებული იქნებოდნენ მშობლის სქესისობრივი მიკუთვნებულობის შესახებ გადაწყვეტილების შემდგომ.
სასამართლომ კანონის რეგულაცია გნმარტა და აღნიშნა, რომ დედის ან მამის დაბადებით ან განაყოფიერებით ბიოლოგიურად მოპოვებული სტატუსი არ ექვემდებარება სამართლებრივად შეცვლას.

სასამართლომ იმსჯელა ასევე არსებული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და განმარტა, იგი არ წარმოადგენდა კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეგულაციას, ვინაიდან, ტრანსექსუალი მშობლების პირადი უფლებების შელახვა არ ხდება იმით, რომ მას ბავშვის წარმოშობის ფაქტი ანიჭებს მშობლის როლს, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მის მიერ საკუთარი თავის აღქმითა და სამართლებრივად მინიჭებულ სქესს.
როგორც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ (BVerfG) უკვე განმარტა, კანონმდებლის გამართლებული ინტერესია, რომ ბავშვს მშობლები სამართლებრივად ისე აღურიცხოს, რომ მისი წარმოშობა წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ბიოლოგიურ ფაქტებთან, რაც ორი დედის ან ორი მამის არსებობის სამართლებრივ აღიარებას შეიძლება ნიშნავდეს.
მშობლისა და შვილის ურთიერთმიმართების განსხვავებული მოწესრიგების დაშვება, გამოიწვევდა ძირეულ ცვლილებებს სამართლებრივი სისტემისათვის.
დედობა და მამობა არის სამართლებრივი კატეგორიები რომლებიც არ ექვემდებარებიან ურთიერთგაცვლას, რადგან ისინი როგორც მათი წარმოშობის წინაპირობების თვალსაზრისით, ასევე მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების (მაგალითად დაუქორწინებელი მშობლების მიმართ ზრუნვის ვალდებულების საკითხები) გათვალისწინებით, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ტრანსექსუალი მამაკაცი (ქალიდან კაცზე გარდაქმნილი) მშობლის მიმართება ბავშვისადმი, სისტემურად შესაძლებელია იყოს მხოლოდ დედობა, რადგან მან თვითონ გააჩინა ბავშვი. ასევე ბავშვის კონსტიტუციურ-სამართლებრივად დაცული უფლება, საკუთარი წარმოშობის შესახებ ზუსტი მონაცემების ფლობის თაობაზე, იქნებოდა შელახული, თუ დაბადების ფაქტი და მისგან გამომდინარე რეგისტრაციის ჩანაწერები, არ დაადგენდნენ ნათლად, რომელი რეპროდუქციული ფუნქცია (შობა თუ განაყოფიერება) დაედო საფუძვლად კონკრეტული მშობელი-შვილის ურთიერთმიმართებას.

ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციო მონაცემებში „დედად“ შეტანა უნდა განხორციელდეს მისი ადრინდელი, მდედრობითი სქესის შესაბამისი სახელით, გამომდინარეობს TSG კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან.
როგორც დაბადების რეგისტრაციის მონაცემები, ასევე რეგისტრაციის მონაცემებზე დაფუძნებული დაბადების მოწმობა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი მონაცემისაგან მშობლის ტრანსექსუალობის შესახებ.
ამ დანაწესით კანონმდებელი ცდილობს მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზანს, - ბავშვები მოგვიანებით უზრუნველყოფილი იყვნენ, მათი დაბადების მოწმობიდან და დოკუმენტებიდან დასტურდებოდეს, რომ ჩანაწერების შინაარსი მესამე პირებს არ აძლევთ რაიმე სახის სპეკულაციების შესაძლებლობას მათი მშობლების ტრანსექსუალობასთან დაკავშირებით.

ფედერალურმა უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

წყაროები: http://justillon.de/2017/10/frau-zu-mann-transsexueller-mutter/
https://www.juris.de/jportal/portal/t/v81/page/homerl.psml?nid=jnachr-JUNA170905288&cmsuri=%2Fjuris%2Fde%2Fnachrichten%2Fzeigenachricht.jsp