• georgian flag
  • english flag

როგორ გამოითვლება მორალური ზიანი

author
თამარ ერგემლიძე
A A       4283

post photoარაქონებრივი (მორალური) ზიანის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოსათვის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს საკითხის ინვდივიდუალურობის და კომპლექსურობის გათვალისწინებით.
არსებობს კანონმდებლის ზოგადი მითითება, რომ - არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. თუმცა, რა არის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, საკაოდ სუბიქტური შეფასების საგანი შეიძლება იყოს.

მდიდარი სამართლებრივი ისტორიის ქვეყნებში არსებობს მთელი რიგი პრეცედენტები, რომელიც საფუძვლად დაედო კონკრეტული მიდგომების ჩამოყალიბებას.
ასე მაგალითად, გერმანიაში მორალური ზიანის (Schmerzensgeld) ოდენობის განსაზღვრისას ხელმძღვანელობენ შესაბამისი ცხრილებით (Schmerzensgeldtabelle).
ეს ცხრილები ეფუძნება 4000-მდე სასამართლოს გადაწყვეტილებას მორალური ზიანის ანზღაურების დავებზე.
2009-2016 წლების მონაცემებით, გერმანიის მასშტაბით ზიანის ანაზღაურების ყველაზე დიდი ოდენობით (700.000 ევრო) გაცემის შემთხვევები დაკავშირებულია პატარა ბავშვის ტვინის მძიმე დაზიენბისათვის სამედიცინო პასუხისმგებლობასთან.
2016 წელს ადგილი ჰქონდა მოსარჩელისათვის 635. 000 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურების მიკუთვნებას კოლნის სამხარეო სასამართლოს მიერ (პირველი ინსტანცია), პირადი უფლებების შელახივსათვის, რომელიც კონკრეტულ პროცესზე ინფორმაციის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა შემდგომ ეს ოდენობა უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ 395. 000 ევრომდე შეამცირა.

არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების კლასიკური შემთხვევებს წარმოადგენს პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ცილისწაების, პროფესიული შრომისუნარის დაკარგვის, საავტორო უფლებების დარღვევის, სამსახურიდან დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლების, სხეულის დაზიანების ან გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებები.
ქართული სმართლმსაჯულების ისტორიაში უკვე არსებობს არაქონებრივი ზიანის აანზღაურების მოთხოვნისა და შესაბამისი საქმეების განხილვის გამოცდილება.
გთავაზობთ სასამართლოს განმარტებებს იმ ფაქტორებთან დაკავშირებით, რომელსაც ითვალისწინებს მოსამართლე მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას:

ჯანმრთელობის შელახვასთან დაკავშირებული მორალური ზიანი
"მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით, მოპასუხის, ფინანსური მდგომარეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.

მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ამდენად, სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს დაზიანების ხარისხს." საქმე N: 2ბ-7243 (2017-01-06) თბილისის სააპელაციო სასამართლო

"მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით." საქმე N: 2ბ/5775-15 (2016-12-16)
თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორალური ზიანი
"საგულისხმოა ის გარემოება, რომ მორალური ზიანის მიყენება შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც უშუალოდ დისკრიმინაციულ მოპყრობას და ამის ნიადაგზე სამსახურიდან გათავისუფლების მომენტს, ასევე მორალური ზიანი შესაძლოა დადგეს მოგვიანებით, ხანგრძლივი უმუშევრობის მდგომარეობის, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესის და რითმის შეცვლის, დათრგუნულობის, გაურკვევლობის, ცხოვრების ხალისის დაქვეითების, ნერვული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ. ამდენად, მორალური ზიანი თავისი შინაარსით არამატერიალური ცნებაა და აქედან გამომდინარეობს კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობის, სამართლიანობისა და არა რაიმე ფაქტობრივი მატერიალური დანაკარგის გათვალისწინების თაობაზე.
მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ოდენობით, ანუ სრულად დაკისრება, არ იქნება შესაბამისობაში მიყენებულ ზიანთან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აღდგენილია ყველა დარღვეულ უფლებაში და რაც გარკვეულწილად მის მორალურ დაკმაყოფილებასაც იწვევს. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 500 ლარის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თანხის ოდენობა არ უზრუნველყოფს ხელყოფილი უფლების აღდგენას/რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, თუმცა კომპენსაციის მიზნიდან გამომდინარე შესაძლებელია უზრუნველყოს მოსარჩელის ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება მას სულიერი წონასწორობის მიღწევაში."
საქმე N: 3ბ/1907-15 (2016-03-24) თბილისის სააპელაციო სასამართლო