• georgian flag
  • english flag

ხანდაზმულობა სასესხო ურთიერთობებში და საფინანსო სექტორის მეთოდები ხანდაზმულ სესხებთან მიმართებაში

author
გიორგი ბჟალავა
A A       5861

post photoძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ ბანკები და საფინანსო კომპანიები, დიახ სამწუხაროდ მართლაც ასეა, მე მინდა გიამბოთ ხანდაზმულობის ინსტიტუტზე სასესხო ურთიერთობებთან მიმართებაში.

ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც, პირს სხვა პირის მიმართ ეკარგება მოთხოვნის უფლება.

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა. თუ ვალდებულების შესრულებიდან გასულია 3 წელი, სესხი უკვე ხანდაზმულია.

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური პროცენტი, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

თუ მოვალემ ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უკან გამოითხოვოს შესრულება.

მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
მაგ: გიორგიმ ისესხა მიკროსაფინანსო კომპანიისგან 1000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისს გიორგი არ დააბრუნებს სესხს, მაშინ 11 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. მიკროსაფინანსოს მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 12 მაისის შემდეგ.

ბანკებისგან მოქალაქეების მოტყუების ფაქტი ძალიან ბევრია, ამიტომ ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ხდება ხანდაზმულობის გაცოცხლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ძირითადად, ორ ვითარებაში აღდგება ხანდაზმული სესხის ვადა. ეს ორივე შემთხვევა გამოწვეულია მოვალის, ანუ მოქალაქის მიერ კანონის არცოდნის გამო. კანონის ნორმა, რომელიც სესხის ხანდაზმულობას ეხება, ცხადია, კარგად არის ცნობილი ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, პრობლემური სესხების მართვის სამსახურებისთვის და ასევე კერძო პირებისთვის, რომლებიც თანხის გასესხებით არიან დასაქმებულნი, მაგრამ მსესხებელს ამის შესახებ არ ეუბნებიან. ხანდაზმული სესხების დროს ისინი ხშირად უგზავნიან მსესხებელს სესხის მოთხოვნის თაობაზე წერილს, იბარებენ კრედიტორ მხარესთან, ან პრობლემური სესხების მართვის სხვადასხვა სამსახურში, სადაც ხშირად მოტყუებით, შანტაჟითა და მოვალე მხარისთვის „სახარბიელო“ მორიგების პირობების შეთავაზების გზით თავის საწინააღმდეგო ქმედებებს ადენინებენ. სწორედ მაშინ, როდესაც მხარე სესხის ხანდაზმულობის თაობაზე ინფორმირებული არ არის, მოვალე მხარეს მორგებულ ახალ გარაფიკს უწესებენ ამას დიდსულოვნებით არ სჩადიან, არამედ ასე ცდილობენ სესხის მოთხოვნის ვადის აღდგენას.
არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ხანდაზმული სესხი არახანდაზმული ხდება: ხშირად კრედიტორი მხარე (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა. შ.) სასამართლოს მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მოვალე მიიღებს სარჩელს, უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოიქცეს _ სასამართლოში შესაგებელი უნდა შეიტანოს და განაცხადოს, რომ სესხი ხანდაზმულია და ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. თუმცა, ხშირად, მოვალე მხარემ არ იცის, რომ სესხი ხანდაზმულია, ბანკის მიერ შეტანილ სარჩელზე მოვალეს არ შეაქვს შესაგებელი და არც ესწრება სასამართლოს, მოსამართლეს კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს მოსარჩელის სასარგებლოდ, რომლითაც ხანდაზმული სესხის გადახდას მოვალეს აკისრებს. ვიმეორებ: მოვალე მხარე სასამართლოს უნდა დაესწროს, პროცესზე განაცხადოს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ასეთ შემთხვევაში სასამართლო კრედიტორი მხარის სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

არახანდაზმული სესხის შემთხვევაშიც ვურჩევ მოქალაქეებს, დაიცვან მათი უფლებები და დროულად შეიტანონ შესაგებელი სასამართლოში, გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე, ასევე თუ სესხი არახადაზმულია იმ შემთხვევაშიც კი წარადგინონ შესაგებელი და წარდგნენ სასამართლოს წინაშე, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს უფლება აქვს, საჯარიმო სანქციის სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლო თავისი შეხედულებისამებრ შეამციროს, რასაც სასამართლო ახორციელებს კიდევაც. დამერწმუნეთ, ხშირად სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა ბევრად ნაკლებია კრედიტორის მიერ მოთხოვნილ თანხებზე