• georgian flag
  • english flag

პოლიციელის ჩვენების მტკიცებითი ძალა

author
ნათია ფულარიანი
A A       538

post photoპოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს - ამ სიტყვებით იწყება საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, მაგრამ ამ პრინციპების განუხრელად პატივისცემას, ხშირად დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას კი აპელირება ხდება პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლისა და 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება უმეტესწილად იწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ინფორმაცია კი მკაცრად გასაიდუმლოებულია და მასზე, არც საპროკურორო, არც სასამართლო კონტროლი არ მიმდინარეობს. ოპერატიულ ინფორმაციას მოჰყვება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, ბრალდების მხარე ბრალდებას აფუძნებს პოლიციელის ჩვენებებზე და მათ მიერ შედგენილ ოქმებზე. ბრალდების მხარის მტკიცებულებებად პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საქმეებშიც ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებია.
საინტერესოა, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პირობებში, როგორ ადგენს სასამართლო, საქმე აქვს პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტებასთან, თუ ბრალდებულის მიერ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისარიდებასთან, სასამართლომ პოლიციელის ჩვენებას უნდა მიანიჭოს უპირატესობა და გაიზიაროს, თუ დაცვის მხარის ჩვენებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პოლიციის მუშაკის ჩვენების მტკიცებით ძალაზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე განსხვავებულია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით ((Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ კი (Virabyan v. Armenia), განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 153-154) ევროპული სასამართლოსათვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები.

მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლოს მიერ საყურადღებოა კონკრეტული დანაშაულის გამოვლენის თავისებურებები. მაგალითად, საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას, რომლის გამოვლენა ხდება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელების მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკით. ხშირ შემთხვევაში ამ დანაშაულის ბრალდება ეფუძნება პირადი ჩხრეკის ოქმს და ამ ოქმის შემდგენელი პოლიციელების ჩვენებებს. დაცვის მხარე დაცვის განხორციელებისას ამ მტკიცებულებას უპირისპირებს მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას, რომ კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერება „ჩაუდეს“ და ამ არგუმენტის გასამყარებლად, პოლიციელების მხრიდან სუბიექტური ინტერესის არსებობის დასამტკიცებლად არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ბრალდებულის უდანაშულობის მტკიცება დაცვის მხარის პრეროგატივაა და როდესაც ის სასამართლოს სთავაზობს თავის ვერსიას შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პირობებში ეს ვერსია მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს.



წყარო:

> ხარვეზები ნარკოტიკული დანაშაულების
გამოძიებისა და დევნის პროცესში, EMC
> საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები , ნანა მჭედლიძე