• georgian flag
  • english flag

როცა ბატს ასამართლებენ, მსაჯულებს შორის მელა არ უნდა იჯდეს

author
თამარ ერგემლიძე
A A       930

post photoროცა ბატს ასამართლებენ, მსაჯულებს შორის მელა არ უნდა იჯდეს - ცნობილი ანდაზა სხვა არაფერია თუ არა ხატოვნად ფორმულირებული, სამართლისათვის კარგად ცნობილი პრინციპი მოსამართლის მიუკერძოებლობის შესახებ.

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული და არსობრივად ურთიერთდაკავშირებული, თუმცა ხშირად არასწორად აიგივებენ მათ ერთმანეთთან და სინონიმებად აღიქვამენ.

მაშინ როდესაც მიუკერძოებლობის პრინციპით ძირითადად ხაზგასმულია მოსამართლის ნეიტრალური განწყობის აუცილებლობა თითეული განსახილველი საქმის მიმართ, სასამართლოს დამოუკიდებლობა უწინარესად მოიაზრებს სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნას ხელისუფლების სხვა განშტოებებისაგან და ინდივიდუალურად მოსამართლის დამოუკიდებლობას, მათ შორის, სასამართლოს სისტემის შიგნით, მენეჯერული რგოლის თუ კოლეგებისაგან.

საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია და დაცულია ორივე პრინციპი.
მიუკერძოებლობის პრინციპის ერთგვარ კონკრეტიზაციას წარმოადგენს მოსამართლის აცილებისა და თვითაცილების კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები.
მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვისას დაცული იქნას არა მხოლოდ მიუკერძოებლობის ობიექტური სტანდარტი, არამედ სუბიექტურადაც, მონაწილე მხარეებში სასამართლო აღიქმებოდეს მიუკერძოებლად.