• georgian flag
  • english flag

სოციალურ ქსელში დიფამაცია - სასამართლოს პრაქტიკა

author
თამარ ერგემლიძე
A A       670

post photoპოლიტიკოსი, რომელიც ბავშვებთან ნებაყოფლობითი (არაძალადობრივი) სქესობრივი კონტაქტის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის გაუქმების თემაზე გამოთქმული მოსაზრების გამო, საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, ფეისბუქისაგან ითხოვს შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

საქმის კონკრეტული გარემოებები შემდეგნაირად გამოიყურება:

ბერლინის მიწის პარლამენტში 1986 წელს გაიმართა საპარლამენტო დებატები ოჯახური ძალადობის საკითხებსა და სექსუალური თვითგამორკვევის რიგ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დასჯადობის გაუქმებასთან დაკავშირებით. დებატების მიმდინარეობისას, ერთ-ერთი დეპუტატის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა პოზიცია გააჩნდა გერმანიის მწვანეთა პარტიას (Die GRÜNEN) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელმა რეპლიკის ფორმით წამოიძახა ფრაზა - „მძიმე, თუ ძალადობა არ ხდება“. ფრაზა ისე იქნა აღქმული საზოგადოების მიერ, რომ აღნიშნული პოლიტიკოსი წინააღმდეგი არ იყო ბავშვებთან (14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან) სქესობრივი კონტაქტის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის გაუქმების, თუ აღნიშნული ქმედება განხრციელებული იქნებოდა ძალადობის გამოყენების გარეშე.

2016 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა ბლოგერმა თავის ინტერნეტ ბლოგზე დაწერა სტატია, რომლის სათაურად გამოყენებული იყო ზემოხსენებული პოლიტიკოსის ზემოხსენებული ფრაზა, თუმცა სახეცვლილი ფორმით. კერძოდ, ბლოგერის სტატიის სათაური ჟღერდა შემდეგნაირად: „მძიმე, თუ ძალადობა არ ყოფილა, ბავშვებთან სექსი ძალიანაც ოქეია. მაშინ ძალიანაც კარგია“. გამოქვეყნებულ პოსტს თან ახლდა განმცხადებლის სურათი, რაც ერთიანობაში მკითხველს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მთელი ეს ციტატა ეუკუთვნოდა განმცხადებელს. აღნიშნული პოსტი ბლოგერის მიერ უკვე 2019 წელს ასევე გამოქვეყნდა ფეისბუქზე, რასაც მოჰყვა ფეისბუქ-მომხმარებელთა მიერ პოლიტიკოსის მიმართ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა და კრიტიკული თავდასხმები.

პოლიტიკოსმა მიმართა ბერლინის მიწის სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს ბრძანებით მას მინიჭებოდა უფლებამოსილება, ფეისბუქისაგან მიეღო 22 კომენტარის ავტორის პერსონალური მონაცემები. კერძოდ,

a. IP-მისამართები, რომლიდანაც მოხდა თითოეული მომხმარებლის პირადი გვერდით დამატებული კოენტარების ატვირთვა. მათ შორის, ატვირთვის ზუსტი დრო, საათის, წუთის და წამის, ასევე დროითი ზონის მითითებით (ატვირთვის დრო)
b. შესაბამისი მომხმარებლების სახელი
c. შესაბამისი მომხმარებლის იმეილის მისამართი
d. თითოეულ დასახელებულ მომხმარებელთან მიმართებით, IP-მისამართები, რომლებიც ბოლოს იქნა გამოყენებული მათ პირად გვერდზე შესაბამისი მომხმარებლის სახელით შესასვლელად, წვდომის ზუსტ დროსთან ერთად, მათ შორის, საათის, წუთის და წამის, ასევე დროითი ზონის მითითებით (წვდომის დრო)

ბერლინის მიწის სასამართლომ თავდაპირველად სრულად უარყო სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელეს არ მისცა ნებართვა არც ერთი კომენტარის ავტორთან მიმართებით. მოგვიანებით, იმავე სასამართლოს მიერ გადასინჯვის საპროცესო მექანიზმის ფარგლებში გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა პიველ გადაწყვეტილებაში და მოსარჩელეს მონაცემთა გამოთხოვის ნებართვა მიეცა შემდეგი 6 კომენტარის ავტორთან მიმართებით:
“ეს ნეხვის გროვა. ასეთი რამის თქმაც კი, სრული ფსიქიკური ავადმყოფობის მოწმობაა.”;
“ბოზი”;
“ბინძური **” [ვაგინა უხამსი ფორმთ];
“ფშუტე კაკალი, სანაგვეზე უნდა გადააგდო, მაგრამ იქაც არ ყრიან შხამიან ნარჩენებს";
“ბოზო” და
“შე ბინძურო დედაღორო”.

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გასაჩივრდა პოლიტიკოსის მიერ და უკვე საბოლოო ინსტანციამ, ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ, დამატებით 6 კომენტარის ავტორის მონაცემების მოსარჩელისათვის მიწოდებაზე გასცა ნებართვა.

მინიმალური შემოკლებით გთავაზობთ ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობებს და ძირითად სამართლებრივ შეფასებებს, რომლებიც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოსა და უმაღლესი ფედერალური სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს ეფუძნება.

„I.
კანონმდებლის მიერ დადგენილი ამ სისხლისსამართლებრივი დათქმების გათვალისწინებით, მონაცემთა გაცემაზე სასამართლო ნებართვის მისაღებად ტელემედიის კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები სახეზეა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, დამატებით შემდეგი კომენტარების ავტორებთან მიმართებით:

1. „მანამდე უნდა ტ**, სანავ ისევ ნორმალური არ გახდება“,
2. “ეს „ქალბატონი“ ბავშვობაში ალბათ ცოტა ბევრჯერ მ** და მაგ დროს დაკარგა საღი აზრი”,
7. „ფუი, შე ბებერო ბინძურო მწვანე ღორო...”,
8. „ამას თავში ჩა*** საკმარისი ადგილი იქნებოდა, ტვინი არ არის/იყო შიგნით“,
17. „ამასაც უნდა ისევ ბავშვი იყოს, თორე ბუს არავინ ეკარება“,
21. „ეს ბებერი გარყვნილი ღორი!!!!! ტვინი არ უნდა გქონდეს ბავშვებთან სექსზე რომ იფიქრო!!!! მაგ მწვანეებთან ჩანს რომ ასეც არის!!!!“

სენატის შეფასებით, მიუხედავად იმ მკაცრი მოთხოვნებისა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო უყენებს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას, ზემოთ მოყვანილი კომენტარები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული შეურაცხყოფის დანაშაულს. ადამიანის პატივის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით კანონმდებლობის სისტემატიკის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მოქმედების სფეროში ჩარევა ხდება ისეთი დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი შეფასებებით, რომლებიც პატივშელახული პირის მიმართ ან მესამე პირის მიმართ არის გამოთქმული (იხ. BeckOK StGB / v. Heintschel-Heinegg, 45-ე გამოცემა, 02/01/2020 წლის მდგომარეობით, §185 StGB, მინდვრის ნომერი 15). ამის საწინააღმდეგოდ, ცილისწამებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, ან სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით , მოითხოვს თავდასხმას პირის პატივზე, სახელის გამტეხი ფაქტების მტკიცებით ან გავრცელებით, რომელთა მცდარობაც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მოქმედების სფეროში.

განსახილველი საქმის ფარგლებში შესაფასაბელი კომენტარები წარმოადგენენ აზრის გამოხატვას ან შეფასებით მოსაზრებებს და არა ფაქტის მტკიცებას. ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი (“ასე ვთვლი”) (იხ. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს (BverfG), გადაწყვეტილება 17.09.2012, Juris მინდვრის ნომერი 25 = NJW 2012, 3712 და შემდეგ.). საქმეში წარმოდგენილი კომენტარები წარმოადგენენ მოსარჩელის პიროვნების დამამცირებელ, სუბიექტური ელემენტით დატვირთულ შეფასებებს. განსხვავებით ფაქტის მტკიცებისაგან, განსახილველი კომენტარების ფორმით გამოხატული ზიზღი და უპატივცემულობა, ვერც ერთიანად აღებული ცალკეული ფორმულირების სახით და ვერც ამ ფორმულირებების ფაქტის შემცველი ე.წ. ფაქტობრივი ელემენტის მეშვეობით, ვერ იქნება შეფასებული ჭეშმარიტობის ან მცდარობის კრიტერიუმით.

შეურაცხმყოფელ შეფასებებზე, როგორც ისინი ცხარე დებატებისა და კამათისას პოლემიკური ან მძაფრი ფორმულირებების სახით გამოითქმის ხოლმე, თავდაპირველად ვრცელდება გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით გარანტირებული დაცვა კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. ასეთი გამოხატვის დასჯადობის ზღვარი ავტომატურად მიღწეულად არ უნდა ჩაითვალოს იმით, რომ პოლემიკური, მწვავე და მძიმე ფორმულირება უსიამოვნოდ გამოიყურება. ზღვარის გადალახულად მისაჩნევად, ერთი მხრივ, პირის ღირსებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით (კონსტიტუციის მუხლი 1, მუხლი 2) და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებით (კონსტიტუციის მე-5 მუხლი) დაცული კონსტიტუციური გარანტიების ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, პირველ რიგში, როგორც წესი, უნდა მოხდეს აწონ-დაწონვა, რომლის ფარგლებშიც, პიროვნულ უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს დაუპირისპირდება აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის მიყენებული ის დანაკარგი, რაც მისი აკრძალვით ან შეზღუდვით იქნება გამოწვეული. მაგრამ, ეს წესი არ მოქმედებს, შეურაცხმყოფელი და პატივის შემბღალავი გამონათქვამების შემთხვევაში, როდესაც ისინი წარმოადგენენ ფორმალურ შეურაცხყოფას ან უხამს ლანძღვას. ის, რომ ამ შემთხვევებში, საგამონაკლისო წესით, არ არსებობს აწონ-დაწოვისა და სიკეთეთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, ეს ხდება იმიტომ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაში, რეგულარულად უკან იხევს პირის ღირსების დაცვის წინაშე. გამოხატვის თავისუფლების პრიმატის უგულებელყოფისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი ითხოვს, რომ მკაცრი სტანდარტები იყოს გამოყენებული ფორმალური შეურაცხყოფისა და უხამსი კრიტიკის ან უხამსი ლანძღვის არსებობის დადგენისთვის (იხ. BVerfG, 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, 1 BvR 2646/15, Juris მინდვრის ნომერი 13 = NJW 2016, 2870f.). ზოგადი პრინციპის თანახმად, უხამსი კრიტიკის ან უხამსი ლანძღვის დადგენა არ ხდება, როდესაც აზრი გამოთქმულია საკითხის განხილვის კონტექსტში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოხატვის შეურაცხმყოფელი შინაარსი იმდენად მძიმე და დიდია, რომ იგი ნებისმიერ შესაძლო წარმოსახვით კონტექსტში, მარტოოდენ შეურაცხყოფის მიყენებად აღიქმება, და აქედან გამომდინარე, მისი კონკრეტული კონტექსტის მიუხედავად, ყოველთვის განხილულ უნდა იქნეს პირადად შეურაცხმყოფელ უხამსობად, რასაც განსაკუთრებით მძიმე სალანძღავი სიტყვების გამოყენებისას - მაგალითად, ფეკალური ენიდან - შეიძლება ჰქონდეს ადგილი (იხილეთ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს (BVerfG), 19 თებერვლის გადაწყვეტილება, 2019, 1 BvR 1954/17, Juris მინდვრის ნომერი 11 = ZUM-RD 2019, 369, 370). გარდა ამისა, გამართლებულად ვერ ჩაითვლება ასევე ისეთი გამოხატვები, რომელიც არანაირ კავშირში არ არიან კონკრეტულ საკითხთან და წარმოადგენენ „უკიდურესად გადაჭარბებულ შეფასებას“ (“Wertungsexzess”) (შეადარეთ Schönke / Schröder / Eisele / Schittenhelm, StGB, 30-ე გამოცემა, § 193, მინდვრის ნომერი 16). ფართო საზოგადოებისათვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელ საკითხზე აზრის გამოხატვის დროს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დგინდება უხამსი კრიტიკა. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები უფრო კერძო ხასიათის კონფლიქტური ურთიერთობებისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევებით შემოიფარგლება (შეადარეთ BVerfG, a.a.O.).

შედარებით მაღალი მოთხოვნები წაეყენება ადამიანის ღირსებაზე თავდასხმის დაშვების შემთხვევებს. ადამიანის ღირსების შელახვა არ შეიძლება გამართლებული იქნეს აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით და იგი განიხილება, როგორც უხამსი კრიტიკის თანაზომადი სისხლისსამართლებრივად რელევანტური ქმედება (იხ. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს(BVerfG), 2000 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, 1 BvR 1056/95, Juris მინდვრის ნომერი 39 = NJW 2001, 61 შემდეგ.) თუმცა, აქაც, ადამიანის პატივის ყოველგვარი შელახვა, იმთავითვე ადამიანის ღირსებაზე თავდასხმასთან არ უნდა გაიგივდეს. ღირსების შელახვის დადგენისათვის აუცილებელია, რომ კონკრეტულ პირს ეზღუდებოდეს ამ სახელმწიფო საზოგადოებაში სხვათა თანასწორად, სხვათა თანაბარი მნიშვნელობისა და თანაბარი ღირებულების მატარებელ სუბიექტად არსებობის უფლება, და მას როგორც მნიშვნელობის არმქონე არსებას (არარაობას), ისე ეპყრობოდნენ. ამდენად, თავდასხმა მიმართული უნდა იყოს მისი პიროვნების ადამიანური ღირსების მსაზღვრელი უმთავრესი ბირთვისადმი და არა, მხოლოდ და მხოლოდ მისი ცალკეული პირადი უფლებების წინააღმდეგ (BVerfG, 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, 1 BvR 1954/17, Juris ზღვრული ნომერი 40 = ZUM-RD 2019, 369 , 370).

წინამდებარე საქმეზე განსახილველი გამონათქვამები ხასიათდებიან იმ დოზის შეურაცხმყოფელი შინაარსით, რომ ისინი უნდა შეფასდეს, როგორც უხამსი კრიტიკა ანდა მისი თანაზომადი, ფორმალური შეურაცხყოფა. უხამსი კრიტიკა, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად შეურაცხყოფას, რომლის შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის, ზოგადად, სხვა დროს აუცილებელი, სიკეთეთა ურთიერთშეპირისპირება და აწონ-დაწონვა, ერთი მხრივ აზრის გამომთქმელის გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, შეურაცხყოფილი პირის პატივის დაცვას შორის (შეადარეთ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს (BVerfG), 2008 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, 1 BvR 1318/07, Juris, მინდვრის ნომერი 16 = NJW 2009, 749f.).

იმ თემატური კონტექსტის გათვალისწინებითაც კი, რომლის ფარლგებშიც მომხმარებლებმა დაწერეს თავიანთი პოსტები და კომენტარები, ზემოთ ჩამოთვლილი ვერბალური უტაქტობები, მხოლოდ საკითხზე გამართული მსჯელობისაგან მოწყვეტილ, განმცხადებლის პიროვნების ლანძღვა-გინებად შეიძლება იქნეს შეფასებული. დაკარგულია თემატიკასთან დაკავშირებით არსებითი შინაარსობრივი მსჯელობის ელემენტი. ამის ნაცვლად, განმცხადებელი, აღქმულია რა ბავშვებთან “ნებაყოფლობითი/არაძალადობრივი სქესობრივი კონტაქტის” დეკრიმინალიზების მხარდამჭერად (როგორც ამას თავდაპირველი ფეისბუქ-პოსტი წარმოაჩენს), შეურაცხმყოფელი კომენტარების მეშვეობით ადგილი აქვს მისი პიროვნებისთვის ყოველგვარი ღირსების აყრას. ინტერნეტის ანონიმურობის საფარქვეშ, განმცხადებლი ხდება ქალთა მიმართ ზიზღის და ღირსების შემბღალავი უხამსი ბრალდებების ობიექტი (კომენტარების 1, 2, 17, 21). ფეკალური ენის სფეროდან განსაკუთრებით მძიმე ტერმინოლოგიის გამოყენებით, უკონტროლო ლანძღვით (კომენტარები 7, 8, 21), იმდენად არანორმალურად გადაჭარბებული ფორმითა და დოზით ხდება განმცხადებლის პიროვნებაზე თავდასხმა, რომ შედეგად მხოლოდ პიროვნული უხამსი ლანძღვა იწევს წინა პლანზე და საკითხთან დაკავშირებული მსჯელობა საერთოდ იკარგება თვალთახედვიდან. მსგავსი დიფამაციისას, მიუხედავად შეურაცხყოფის მოტივისა, აზრის გამოხატვის დასაშვები, ყველაზე ფართოდ განვრცობილი ზღვარიც კი, აშკარად გადაილახება, რის შედეგადაც, ადგილი აქვს ყოველგვარ გამართლებას მოკლებული, უხამსი კრიტიკისა და მასთან გათანაბრებული ფორმალური შეურაცხყოფის საგამონაკლისო ქმედების შემადგენლობის მიღწევას.

II.

ამის საწინააღმდეგოდ, არ უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის საჩივარი კომენტარების ავტორთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვის ნაწილში შემდეგ კომენტარებთან მიმართებით:

4. “პედოფილი-ბატი”,
5. „ბებერს ისეთი დაზიანება აქვს, ხახვის ღეროსავით ცარიელი აქვს თავი მანდ მარტო რწყევა თუ შეიძლება“,
6. „ადამიანო ... რა ავადმყოფი ხარ!!!“,
9. „ეს ქალი სულიერად ავადმყოფია“,
10. „ასეთი აზრების პატრონს სახეს გავუბრტყელებდი“,
11. „დააბით ეს ავადმყოფი ქალი, აღარ იცის რას ლაპარაკობს“,
12. “ყველა ძალიან ავადმყოფები არიან”,
14. “ტვინი აქვს ამპუტირებული”,
15. “ავადმყოფი ქალი”,
22. „ყველაზე ნათელი სანთელი უნდოდა გამოსულიყო, ეს ბინძური პედოფილი“ -

ამასთან, სენატი არ უარყოფს, რომ მათ შემთხვევაშიც, ასევე აქვს ადგილი განმცხადებლის დამცირებასა და მის მოხსენიებას ღირსების საგრძნობლად დამაზიანებელი ფორმით. თუმცა, კონსტიტუციური დათქმების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული შეურაცხყოფის დანაშაულის ზღვარი, დასახელებულ შემთხვევებში არ არის გადალახული. რადგან, სახეზე არ არის კონსტიტუციურ ღირებულებათა შეპირისპირების აუცილებლობისგან გათავისუფლებული შეურაცხყოფის შემთხვევა (ადამიანის ღირსებაზე თავდასხმა, ფორმალური შეურაცხყოფა ან უხამსი კრიტიკა) და, განმცხადებლის პიროვნული უფლებების შელახვაც არ აღწევს იმ ზღვარს, რომ გაკეთებული გამონათქვამები კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებითაც კი - განსხვავებით I. ნაწილში შეფასებული კომენტარებისაგან - აღქული იქნენ, როგორც განმცხადებლის მხოლოდ პიროვნული დამცირება და ლანძღვა-გინება (შეადარეთ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს (BVerfG), 2008 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, 1 BVR 1318/07, juris მინდვრის ნომერი 16 = NJW 2009, 749F.).

1.

თემატურად ურთიერთმსგავსი და ამდენად, ერთად განსახილველი კომენტარები - “პედოფილი-ბატი” და “უნდოდა ყველაზე ნათელი სანთელი ყოფილიყო, ბინძური პედოფილი” (მე-4 და 22-ე კომენტარი), შეფასებული უნდა იქნეს თავდაპირველ პოსტთან ერთობლიობაში. ამას განმცხადებელიც არ უარყოფს, რომ სადავო გამონათქვამები გაკეთებული იყო მის ფოტოსურათთან ერთად გამოქვეყნებული ტექსტის (თავდაპირველი ფეიდბუქ-პოსტი) კონტექსტში (2019 წლის 22 მაისის საჩივარი გვ. 3). თავდაპირველი პოსტის დასაწყისი შეიცავს განმცხადებლის მოკლე რეპლიკას ბერლინის მიწის პარლამენტში 1986 წელს გამართული დებატებიდან და ამის შემდეგ, გაგრძელების ფორმით მკითხველს აწოდებს - სინამდვილეში არასწორ - ინფორმაციას, თითქოს, ბავშვებთან სექსის დეკრიმინალიზების თემაზე, განმცხადებელს გააჩნია დადებითი, გახსნილი პოზიცია და თითქოს, მან ასეთი ფორმით გამოხატა მხარდამჭერა დასახელებულ საკითხზე. ამ ნაწილობრივი სიყალბის მიუხედავად, არაფერი იცვლება იმ ფაქტთან მიმართებით, რომ ზემოთმოყვანილი ორივე დამამცირებელი კომენტარი გააზრებული უნდა იქნეს თავდაპირველ ფეისბუქ-პოსტთან ერთად, და რომ ეს კომენტარები მიემართება ფეისბუქ-პოსტში განხილულ თემატიკას. მართალია, ეს ხდება უკიდურესი სიტყვათშეთანხმებებით, რომელიც უპატივცემულო და ვერბალური უტაქტობის ფორმით, პედოფილური სცენასთან მიახლობულ აღქმას ბადებენ და განმცხადებელს საკმარისი განსჯის უნარის არ მქონედ წარმოაჩენენ. თუმცა, მეორე მხრივ, განმცხადებელმა, მისი მინიმუმ საკამათო რეპლიკით, რომელიც მან გამოთქვა სექსუალური თვითგამორკვევის წინააღმდეგ დანაშაულების შესახებ გამართული დისკუსიის დროს (რაც თავის მხრივ ოჯახური ძალადობის თაობაზე დაწყებული მაშინდელი დებატებიდან მომდინარეობდა), თვითონვე გააჩინა თავდასხმის სივრცე და მანვე გახსნა არეალი კრიტიკისათვის.

ამდენად, ურთიერთსაწინააღმდეგო კონსტიტუციური გარანტიების გამო, აქ უკვე ერთმანეთთან შეპირისპირებით უნდა მოხდეს მომხმარებელთა პირადი უფლებებით დაცული ინტერესების აწონ-დაწონვა. თუმცა, ამ კომენტარების შემთხვევაში, არ სრულდება ის მკაცრი წინაპირობები, რომლებიც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, აუცილებელია გამოხატვის კონკრეტული ფორმის უხამს კრიტიკად ან/და უკიდურესად გადაჭარბებულ შეფასებად მისაჩნევად. განმცხადებლის დამოკიდებულებებსა და მისი ფსიქიური მდგომარეობის შესახებ დაწერილ კომენტარებს, ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ საკმარისი კავშირი განხილვის თემასთან და საზოგადოებაში მიმდინარე დებატებთან, რომლის ფოკუსშიც, სწორედ მისი მაშინდელი რეპლიკის გამო მოექცა განმცხადებელი. გარდა ამისა, განსხვავებით სხვა პირებისაგან, პოლიტიკოსებთან მიმართებით, დამამცირებელი მოსაზრებების გამოთქმის შემთხვევაში, მოსაზრების შეურაცხყოფად მიჩნევისთვის ზღვარი ურფო მაღალია, ვინაიდან, მათი საქმიანობა სხვა შეხედულებებთან მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნას გულისხმობს და აქედან გამომდინარე, ისინი მზად უნდა იყვნენ, მათ შორის, მწვავე და უსიამოვნო თავდასხმებისთვის (შეადარეთ Burkhardt/Peifer in: Wenzel, სიტყვისა და გამოსახულების გავრცელების უფლება. მე-6 გამოც., თავი 10, მინდვრის ნომერი 64).

ტერმინი “Trulla” [ზუსტი შესატყვისის არ არსებობის გამო, ქართულად ითარგმნა როგორც “ბატი”] ატარებს ქალის პიროვნების დამამცირებელ მნიშვნელობას (იხ. www.duden.de). განმცხადებლის მოსაზრებით, მისი პიროვნების შეფასება “პედოფილ-ბატად”, შესაძლებლობას იძლევა განიმარტოს, რომ მას ამ კომენტარების ავტორები მიაწერენ, თითქოს იგი უპირატესობას ანიჭებს ბავშვებთან და მოზარდებთან სქესობრივ კონტაქტს (სასარჩელო განაცხადი გვ. 8). თუმცა სენატის მოსაზრებით, კომენტარის მსგავსი გაგება არც აშკარაა და არც სავარაუდო. ასეთი აღქმა ლოგიკური იქნებოდა მხოლოდ იმ კონტექსტის უგულებელყოფით, რის ფარგლებშიც აღნიშნული კომენტარი იქნა გაკეთებული. ამავდროულად, ასეთი გაგებაც კი, ვერ დააკმაყოფილებდა კონსტიტუციურ სამართლებრივ მოთხოვნებს, რადგან სისხლისსამართლებრივი რელევანტურობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ სახეზეა აზრის ისეთი გამოხატვა, რომლის დიფამაციური შინაარსი იმდენად მწვავეა, რომ იგი ნებისმიერი შესაძლო კონტექსტით, მხოლოდღა პირის შეურაცხყოფად აღიქმება (შეადარეთ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო (BVerfG), 1 BvR 1318/07, მინდვრის ნომერი 116). სადავო კომენტარი კი, შეფასებული უნდა იქნეს თავდაპირველი ფეისბუქ-პოსტით გახსნილი თემის, კერძოდ, პოსტში მოკლედ გადმოცემული იმ დისკუსიის კონტექსტში, რომელიც, თავის დროზე, ბავშვებთან სქესობრივი კონტაქტის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის გაუქმების თაობაზე გაიმართა და რომლის ფარგლებშიც გამოთქვა განმცხადებელმა ზემოთხსენებული რეპლიკა. ამ გარემოების გათვალისწინებით, ცნობილი ფრაზისმაგვარი სიტყვაშეთანხმებით - პირის “პედოფილი-ბატად” წოდება, იღებს უფრო ფართო განზომილებას და სცდება, უშუალოდ, როგორც ქალის წინააღმდეგ მიმართულ დამაკნინებელ მნიშვნელობას. აღნიშნული კომენტარის ერთ-ერთი შესაძლო, და შეიძლება ითქვას, უფრო ლოგიკურიც კი, განმარტება იქნება, რომ კომანტარის ავტორი ამ ფორმით მხოლოდ მის უკიდურესად კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს, იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის გახმოვანებაც განმცხადებელს მიეწერება ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ თავისთავად ის, რომ დისკუსია ბავშვებთან სქესობრივი კონტაქტის დასჯადობის გაუქმებაზე, შესაძლოა შეფასებული ყოფილიყო, რომ იგი განეკუთვნება პედოფილიის სფეროს, - ისე, რომ ეს აღქმა უხამს შეურაცხყოფად კვალიფიცირებას არ დაექვემდებაროს, ეს დამატებით დასაბუთებას არც საჭიროებს, თვით სიტყვა პედოფილიის მნიშვნელობიდან გამომდინარე (= მოზარდთა სექსუალური ინტერესი ბავშვებთან მიმართებით; შეადარეთ www.duden.de). განსახილველ თემატიკას, მიუხედავად იმ დიდი დროის მონაკვეთისა, რაც 1986 წლის შემდეგ დღემდე არის გასული, არ დაუკარგავს თავისი სოციალურად ფთქებადსაშიში ხასიათი და ეს ჯერ კიდევ იგივენაირად ცოცხლობს საზოგადოებრივ აღქმებსა და წარმოდგენებში.

ამდენდ, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი კონტექსტის მხედველობაში მიღებით, და გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, კომენტარის შეურაცხმყოფელი ელემენტის მიუხედავად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირისათვის “პედოფილი-ბატის” წოდება, მოკლებული იყო დისკუსიის თემასთან სათანადო კავშირს. ამ მხრივ, სენატი არ იზარებს განცხადებლის პოზიციას, რომ მისი ზემოხსენებული ეპითეტით მოხსენიება, მხოლოდ და მხოლოდ მის პიროვნულ შეურაცხყოფას ემსახურებოდა.

იგივე შეფასებები ვრცელდება თემატურად მსგავს კომენტარზე - “ყველაზე ნათელი სანთელი უნდოდა გამოსულიყო, ბინძური პედოფილი”. აქაც, გამოთქმა - “ბინძური პედოფილი” - წაკითხული უნდა იქნეს და შეფასდეს თავდაპირველ ფეისბუქ-პოსტის შინაარსთან ერთობლიობაში. განმცხადებელი, რომელმაც “ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დასჯადობის დეკრიმინალიზაციაზე” თავისი რეპლიკით გამოხატა მისი მოსაზრება, ამის მეშვეობით, აღქმულ იქნა მისი პარტიის სკანდალური პოზიციის გამხმოვანებელ წამყვან სპიკერად და ამით, თავადვე გახსნა კრიტიკული თავდასხმების არეალი. თემის სკანდალურობის გათვალისწინებით, რეალურად, როგორი შინაარსიც არ უნდა ყოფილიყო განმცხადებლის რეპლიკის მიღმა - როგორც დებატებში განსახილველ თემაზე ზემოხსენებული პოზიციის მხარდამჭერი, უარმყოფი თუ ნეიტრალური მოსაზრება - აღნიშნული კრიტიკის არეალის თავად მისივე რეპლიკით პროვოცირება, ნებისმიერ შემთხვევაში სახეზეა. ამდენად, კონტექსტის მხედველობაში მიღებით, სენატი ვერ დაეთანხმება განმცხადებელს მოსაზრებაში, რომ იგი პირადად არის ნაგულისხმევი შეფასებაში “ბინძური პედოფილი”. აშკარაა, რომ ეს ფორმულირება მიემართება განსახილველ თემას. მართალია, მისი წინმსწრები ფრაზა - “ყველაზე ნათელი სანთელი უნდოდა გამოჩენილიყო” - უპატივცემულო ფორმით მოიხსენიებს განმცხადებელს, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, იგი ვალდებულია, საზოგადეობისთვის აღმაშფოთებელ თემატიკაზე საჯარო დისკუსიის ფარგლებში აიტანოს ასეთი ფორმით კრიტიკა.

საკმარისი სიცხადით არ დგინდება ის გარემოება, თითქოს კომენტარების ავტორთათვის ცნობილი იყო, რომ თავდაპირველი ფეისბუქ-პოსტი წარმოადგენდა სიყალბის პროდუქტს და მათ ამ ინფორმაციის ცოდნის მიუხედავად, ფეისბუქ-პოსტი გამოიყენეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარების საბაბად. არ არსებობს პრეზუმფცია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვიდრე იგი რაიმე პოსტს დააკომენტარებს, თავდაპირველად მოკვლევას აწარმოებს და შეისწავლის, თუ რა პირობებში შეიქმნა და რამდენად სანდოა კონკრეტული პოსტი.

დაბოლოს, სენატი ასევე არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას (რომლითაც იგი განმცხადებლის მოსაზრებას დაეთანხმა), იმის თაობაზე, რომ კომენტარების დამწერები, ფეისბუქ-პოსტის ავტორის ვინაობიდან გამომდინარე, უნდა მიხვედრილიყვნენ ციტატის სიყალბეს, რის გამოც, მათზე არ უნდა გავრცელებულიყო კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი პუქნტით გარანტირებული უფლების დაცვა. შესაძლებელია, განმცხადებლის სასარგებლოდ, მართლაც დაშვებულ იქნეს მოსაზრება, რომ თავდაპირველი ფეისბუქ-პოსტის ავტორი წარმოადგენს ბლოგერს, რომელიც ინტერნეტში ლიბერალური და მემარცხენე პოლიტიკოსების წინააღმდეგ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული, და ეს გარმოება მისი “ფანებისა და ფოლოვრებისათვის” ცნობილია, მაგრამ, სენატისათვის ცხადი არ არის, კონკრეტულად რა სარწმუნო გარემოებებზე დაყრდნობით შეიძლება გამართლებული იყოს დასკვნა, რომ წინამდებარე საქმეზე სადავო კომენტარების დამწერების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბლოგერის ე.წ. “ფანებთან და ფოლოვერებთან”, რომლებმაც, იცოდნენ რა განმცხადებლის რეპლიკის შემცველი ციტატის სიყალბე, ეს ვითარება გამოიყენეს უმიზეზოდ და იმ ერთადერთი მიზნით დაწერეს კომენტარები, რომ პირადად მისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა.

შედეგი იმ გარემოებისა, რომ ციტატის სიყალბის ვარაუდი არ ევალებოდათ მომხმარებლებს, არის ის, რომ განმცხადებელს სრული მოცულობით შეუძლია აგებინოს პასუხი ყალბი ციტატის ავტორს (პოსტის ავტორის მიმართ განმცხადებლის მოთხოვნის უფლებების - ფულადი ანაზღაურებისა და სიყალბის გავრცელების აკრძალვის - თაობაზე, იხილეთ ფრანქფურტის მიწის სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება 2-03 O 90/19, გამოქვეყნებული Juris-ში). პოსტზე გაკეთებული კომენტარების ავტორებთან მიმართებით ეს შედეგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუ მათ საკუთრივ თვითონ გააჩნიათ სპეციალური კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივად რელევანტური დანაშაულებრივი ხასიათი, რის გამოც, მათ მიმართ შემდგომში სამართლებრივი მოთხოვნების წაყენების წინაპირობა - კომენტარების დამწერთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაცემაზე სასამართლო ნებართვის მოთხოვნა - დაკმაყოფილდება.

2.

დანარჩენი სადავო კომენტარები:
5. „ბებერს ისეთი დაზიანება აქვს, ხახვის ღეროსავით ცარიელი აქვს თავი მანდ მარტო რწყევა თუ შეიძლება“,
6. „ადამიანო ... რა ავადმყოფი ხარ!!!“,
9. „ეს ქალი სულიერად ავადმყოფია“,
11. „დააბით ეს ავადმყოფი ქალი, აღარ იცის რას ლაპარაკობს“,
12. “ყველა ძალიან ავადმყოფები არიან”,
14. „ტვინი ამპუტირებული აქვს“,
15. „ავადმყოფი ქალი“ -

მიზნობრიობისა და პირის პატივის შელახვის ხარისხის გათვალისწინებით, ისინი არ ხასიათდებიან ერთმანეთისაგან არსებითი სხვაობით: ყველა ამ კომენტარით განმცხადებელი წარმოჩენილია, როგორც ანომალიური სულიერი მდგომარეობის მქონე, ფსიქიკურად ავადმყოფი ან წარმოჩინდება უინტელექტოდ, აქედან გამომდინარე, ამ კომენტარებთან მიმართებით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთგვაროვანი შეფასებითი მასშტაბი:

შედეგად, II.1 ნაწილში გაკეთებული შეფასებები, აქაც შესაბამისად ვრცელდება. განმცხადებლის მოსაზრება, რომ კომენტარებით გამოხატული შესაძლო კრიტიკა, იმდენად უკანა პლანზე გადადის, რომ კომენტარების მხოლოდღა დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი ხასიათი რჩება სახეზე (იხ. 27.01.2020 სარჩელის მე-6 გვ.), სათანადოდ არ უწევს ანგარიშს იმ აუცილებლად მხედველობაში მისაღებ კონტექსტს, რაც თავდაპირველი ფეისბუქ-პოსტის შინაარსიდან გამომდინარეობს. პირის მოხსენიება “სულიერ ავადმყოფად”, “ტვინ-წართმეულად/ამპუტირებულად” ან “სულიერ ავადმყოფად”, იმის გამო, რომ მას მცდარად აღიარებული მოსაზრება გააჩნია საზოგადოებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ღირებულებაზე, არის უტაქტო, უხეში, გადაჭარბებული, უპატივცემულო და სოციალურ ნორმებსა- და ზღვარს გადასული ქცევა. მაგრამ, განსახილველ საკითხზე მსჯელობასთან კავშირი სრულად არ ქრება, მხოლოდ იმის შედეგად, რომ ადგილი აქვს ცუდ ქცევას. სენატისთვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ ხშირად მწვავე ვერბალური თავდასხმები, განსაკუთრებით ინტერნეტის ანონიმურობის გამოყენებით, საზოგადოებრივი დისკურსის გააგრესიულებას იწვევს და რადიკალიზებამდეც კი მიდის. მაგრამ, ეს არ შეიძლება იქცეს სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების გამართლების საკმარის საფუძვლად. საფუძველსა და აზრს მოკლებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, განმცხადებლის მიერ წამოჭრილი საკითხი, ისევ დროული და რელევანტურია თუ არა მიდგომა, რომ კონსტიტუციურსამართლებრივი არგუმენტების გამო, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულ პირთა შეურაცხყოფასთან მიმართებით უფრო მკაცრი შეფასების მასშტაბი მოქმედებს, და ხომ არ არის საჭირო, სამართლებრივმა სისტემამ და მართლმსაჯულებამ უფრო მეტი სიძლიერე გამოიჩინოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა დასაცავად (იხ. საჭივრის 24-ე გვ.). მაგრამ, მოქმედი სამართლებრივი წესრიგი და მასზე დაყრდნობით განვითარებული ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ სფეროსთან მიმართებით, ამ მომენტისათვის, არ გვთავაზობს პიროვნული უფლებების დაცვის სხვაგვარად გადაფასების და გაძლიერების სივრცეს. ასეთი დასკვნა, მაგალითად, დასტურდება ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია და გააუქმა პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც მის მიერ პროკურორი ქალის მისამართით ისეთი ეპითეტების გამოთქმას უკავშირდებოდა, როგორიცაა “გიჟი”, “სულელი”, “სულიერად ავადმყოფი.” ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა კი სწორედ ზემოხსენებული ეპითეტების გამოთქმის კონტექსტის არასაკმარის გათვალისწინებასა და შესაბამისი მსჯელობის სიმწირეს დაეფუძნა (იხ. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება (BVerfG), 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, 1 BvR 2646/15).

3.

დარჩენილი კიდევ ერთი კომენტარი - “ასეთი აზრების გამომთქმელს სახეს გავუბრტყელებდი” განსახილველი საქმეში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მართალია ასევე შეფასებულ უნდა იქნეს როგორც უპატივცემულო დამცირება და ეჭვგარეშეა, რომ ამ ფორმულირებით ნორმალური კომუნიკაციის ფარგლები დარღვეულია (როგორც ამას განმცხადებელიც უთითებს), მაგრამ, ეს არ არის ის მასშტაბი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული გამოხატვის ფორმა, რათა დასჯადი ქმედების შემადგენლობასთან გვქონდეს საქმე. განმცხადებლის მოსაზრების საწინააღმეგოდ, ეს კომენტარიც განხილული და განმარტებული უნდა იქნეს თავდაპირველი პოსტის თემატიკათან ურთიერთკავშირში. ამდენად, თუ ზემოხსენებულ კომანტარს ამ ჭრილში განვიხილავთ, იგი სისხლისსამართლებრივ რელევანტურობას კარგავს, ვინაიდან, მკითხველისათვის საკმარისი სიცხადით აღქმადი ხდება, რომ კომენტარის ავტორი, ამ შინაარსით, განმცხადებლის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების მოწოდებას კი არ აკეთებს, არამედ იგი გამოხატავს თავის პოზოციას, რომ სავარაუდოდ განმცხადებლის სახელით გამოთქმული - სრული - რეპლიკა, როგორც ეს თავდაპირველ პოსტშიდან იყო აღქმადი, მისთვის განსაკუთრებულად ზიზღისმომგვრელი და დასაგმობია. და რომ იგი, ამ განცხადების შედეგად იმდენად წყობიდან გამოდის, რომ ძალადობრივი ქმედების ჩადენასაც კი შეძლებდა. აქაც, საქმე გვაქვს გადაჭარბებულ რეაქციასთან და ვერბალურ თავდასხმასთან, მაგრამ არ ხდება პოლემიკური ან საფრთხისშემცველი კრიტიკის ზღვრის გადალახვა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ I. ნაწილში ჩამოთვლილი კომენტარების ავტორებთან მიმართებით და ამ მოცულობით გაიცეს სასამართლოს ნებართვა, მომხმარებლების მონაცემთა გაცემის დავალების თაობაზე. სხვა სადავო კომენტარებთან მიმართებით, უარი უნდა ითქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ზემოთ მოყვანილი განმარტებების საფუძველზე.

საოჯახო და ნებაყოფლობითი განსჯადობის საკითხებზე წარმოების შესახებ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კასაცია დაუშვებელია, რადგან საქმეს არც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და არც სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების ინტერესი ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას."


*გადაწყვეტილების სრული ტექსტი ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3vknlQW


წყაროები:
ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება N10 W 13/20
https://gesetze.berlin.de/bsbe/document/KORE221452020

ბერლინის მიწის სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება N27 AR 17/19
https://gesetze.berlin.de/bsbe/document/KORE534882020

ბერლინის მიწის სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება N27 AR 17/19
https://gesetze.berlin.de/bsbe/document/KORE230122019