• georgian flag
  • english flag

The End of Lawyers? - პროფ. რიჩარდ ზუსკინდის წიგნის მიმოხილვა

author
თამარ ერგემლიძე
A A       935

post photoსოციოლოგიაში ”იურიდიული იდიალიზმის” სინდრომის სახელითაა ცნობლი იურისტის აზროვნებისათვის დამახასიათებელი ფენომენი, როდესაც ნებისმიერი სოციალური პრობლემის წამოჭრისას, [იურისტის] პირველი რეაქცია ბადებს ახალი კანონის მიღების განზრახვას.
ამიტომ, ვინაიდან პრობლემების ნაკლებობას არასდროს განვიცდით და კანონების შექმნა-გამოყენება იურიდიული პროფესიის ორგანული ნაწილია, იურისტთა უმრავლესობისთვის ძნელად წარმოსადგენია, რატომ და როგორ შეიძლება გაქრეს ან შემცირდეს მოთხოვნა მათზე.

თუმცა, მაინც არსებობენ იურისტები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ.
პროფესორი რიჩარდ ზუსკინდი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორია იურიდიული მომსახურების მომავლის შესახებ. მას ეკუთვნის ნაშრომები იურისტების აღსასრული? (The End of Lawyers? (2008), მომავლის იურისტები (TOMORROW`S LAWYERS (2017), პროფესიათა მომავალი (THE FUTURE OF THE PROFESSIONS (2017), და ონლაინ სასამართლო და მართლმსაჯულების მომავალი (ONLINE COURTS AND THE FUTURE OF JUSTICE (2019).

დღეს, როდესაც ახლებური მომავლის ფორმირება კიდევ უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიებით ადამიანური შრომის ჩანაცვლება ყველა სფეროში გარდაუვალი რეალობის კონტურებს იძენს, გთავაზობთ, პროფ. ზუსკინდის ხედვებისა და მოსაზრებების მიმოხილვას.
იგი ამტკიცებს, რომ მომავალში ტრადიციულ სასამართლოში გაცილებით ნაკლები საქმე იქნება განხილული. “ჩვენ ვხედავთ, რომ იარსებებს სისტემები, რომლებიც წინასწარ განჭვრეტენ სასამართლოს სავარაუდო გდაწყვეტილებას. უკვე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგების ანალიზის შედეგად, სისტემას შეეძლება შედეგის პროგნოზირება.”
“ვეგუებით, რომ ნელ ნელა ვაღიაროთ, ნამდვილად იარსებებენ ტექნოლოგიები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ ისეთ ამოცანებს, რაც წარსულში ექსკლუზიურად იურისტების როლი გვეგონა.”
ამიტომ, “თანამედროვე ციფრულ საზოგადოებაში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, შევქმნათ ერთგვარი გაფართოებული სასამართლოები, რომლებსაც მოსამართლის გადაწყვეტილებების გარდა, ექნება ერთგვარი დიაგნოსტირების სერვისიც, რომელიც ადამიანებს, მათი სამართლებრივი ვითარების, მტკიცებულებებისა და შანსების გათვალისწინებით, ალტერნატიულ შესაძლებლობებს შესთავაზებს დავის საუკეთესო გზით მოგვარებისათვის.”
ეს მოსაზრებები გამოთქმულია 2019 წლის დეკემბერში გამოცემულ მის ახალთახალ წიგნში “ონლაინ სასამართლო და მართლმსაჯულების მომავალი”.

კონკრეტულად რა ცვლილებების აუცილებლობა დადგება და როგორ იმოქმეედბს ეს სიახლეები იურიდიული მომსახურების ბაზარზე, პროფ. ზუსკინდი განიხილავს მის ფუნდამენტურ ნაშრომში “The End of Lawyers?”.
წიგნი პირველად 2008 წელს გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი არც თუ ისე ახალია, დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო საინტერესოა მისი გაცნობა, რამდენადაც ავტორის მთელი რიგი წინასწარი შეფასებები დღესდღეობით რეალობას წარმოადგენს. დასახელებული ნაშრომი ეხება ექსპლიციტურად იურისტის* პროფესიის მომავალს და წარმოადგენს იმ ცვლილებების ავტორისეულ პროგნოზირებას, რასაც, მისი აზრით, მომავალში ამ სფეროში მოღვაწეობის მსურველნი დაექვემდებარებიან.

ნაშრომის დიდი ნაწილი ეთმობა ავტორისეულ დაკვირვებებს, თუ რა ცვლილებებს ხედავს იგი იურიდიული მომსახურების ბაზარზე. ამ ტენდენციების ანალიზის მეშვეობით, ავტორი წარმოგვიდგენს 5 სხვადასხვა კატეგორიის იურისტს, რომლებზეც მომავალში იარსებებს მოთხოვნა.

1. Expert trusted adviser - ნდობით აღჭურვილი ექსპერტ-მრჩევლები. ესენი არიან ე.წ პირადი ადვოკატის სერვისის (bespoke legal service) მიმწოდებლები. წიგნში განხილული არგუმენტები მიუთითებენ, რომ იურიდიული მომსახურების ბაზარზე არსებული წნეხი, უმეტეს შემთხვევებში, უბიძგებს იურისტებს, სადაც შესაძლებელი იქნება, უარი თქვან ექსკლუზიურ, “პირადი იურისტის ფორმით” (bespoke services) მოსახურებაზე. ამის ნაცვლად, ისინი იძულებულნი გახდებიან, უპირატესობა მიანიჭონ სტანდარტიზებული და კომპიუტერიზებული სერვისის შეთავაზებას. თუმცაღა, რიგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება პირადი ადვოკატის მომსახურების საჭიროება.
ამდენად, უახლოეს მომავალში, ინტელექტუალური, კრეატიული იურისტები საჭირო იქნება მხოლოდ გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში - როდესაც მათ ახალი პრაქტიკა და პრობლემის გდაჭრის ახლებური გზები უნდა შექმნან კლიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ახალი, მეტად კომპლექსური ან მაღალი ღირებულების გამოწვევები (ექსპერტული ელემენტი) და აწარმოონ კომუნიკაცია უაღრესად პერსონალურად (სანდოობის კომპონენტი).
ამდენად, პირადი ნდობით აღჭურვილი ექსპერტ-მრჩეველის პროფესიული ნიშა იარსებებს და მისი დასასრული არ არის მოსალოდნელი. თუმცა, საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ დარწმუნებული იყოთ, თქვენი კლიენტების საქმეები მოითხოვს თუ არა ასეთ “ექსპერტულ” და "ნდობით აღჭურვილ" მომსახურებას. რადგან პირადი მომსახურება ის ფუფუნებაა, რომელსაც კლიენტების უმრავლესობა ვერ შეძლებს.

2. მეორე კატეგორიის მომავლის იურისტი იქნება ე.წ. “enhanced practitioner” - ძლიერი/გამოცდილი პრაქტიკოსი. ეს არის ის კატეგორია, რომლის იურიდიული უნარები და ცოდნა თანამედროვოე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება გაძლიერებული. ისინი საჭირო იქნებიან რათა უზრუნველყონ სტანდარტიზებული, სისტემატიზირებული და (როდესაც კომპანიის შიდა იურისტებს ეხება საქმე) გარკვეული იურიდიული მომსახურებების ერთიანი პაკეტის შეთავაზება. თუმცა, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის, რომ ბაზარი დაუშვებს ასეთი იურისტების ჩართულობას მხოლოდ იმ შემთხვევებში, სადაც მათი იურიდიული გამოცდილება ნამდვილად აუცილებელი იქნება.
დღეს, კლიენტები ხშირად უხდიან იურისტებს იმ საქმის შესასრულებლად, რომელსაც ინტელექტუალი და შესაბამის მიმართულებით დატრენინგებული არაიურისტები თავისუფლად შეასრულებდნენ. მომავალ წლებში ეს შეიცვლება და შესაბამისად იკლებს ისეთი იურისტების საჭიროება, რომლებიც რუტინულ საქმიანობას ასრულებენ. რუტინული საქმიანობისთვის კი, გამოყენებული იქნება იურიდიული მომსახურების სხვა უფრო ნაკლებხარჯიანი წყაროები, როგორებიცაა: პარალეგალები (იურისტის ასისტენტები), იურიდიული აუთსორსინგის სერვისის მიმწოდებლები (ე.წ. გარე იურისტები (legal process outsourcing service providers).

3. ამის საპირისპიროდ, გაცილებით დიდი საჭიროება იქნება იურისტის მესამე კატეგორიის - "იურიდიული ცოდნის ინჟინრის" “legal knowledge engineer” პირებზე. ავტორი ამბობს, რომ თუ მისი ვარაუდი გამართლდება და იურიდიული მომსახურება უფრო სტანდარტიზირდება და (ჭეშმარიტად) კომპიუტერიზებული გახდება, მაშინ გაჩნდება მასიური მოთხოვნა, ორგანიზების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებზე, რომლებიც მოახერხებენ დიდი რაოდენობის კომპლექსური იურიდიული შინაარსისა და პროცედურების ორგანიზებას, გაანალიზებას, გაფილტვრას, შემდგომ სტანდარტიზებულ სამუშაო პრაქტიკად ქცევას და ამ მონაცემების კომპიუტერულ სისტემებში გადატანას.
მუშაობის ამ ახალ ხაზს დასჭირდება მაღალკვალიფიციური იურისტები. სტანდარტული დოკუმენტების ან პროცედურების შემუშავება, იურიდიული ცოდნის კომპიუტერული სისტემებში ჩანერგვა და რეპრეზენტაცია, ზოგადად, სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის ძირეულ ამოცანას წარმოადგენს; ამდენად, ხშირად ეს ცოდნის ინჟინერია უფრო ინტელექტუალური იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი მუშაობა (სისტემის შემუშავება, რომელსაც მრავალი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, ზოგადად, უფრო რთულია, ვიდრე ერთ პრობლემაზე სამართლებრივი პასუხის პოვნა). “დიდი შეცდომაა ვიფიქროთ (როგორც ეს ბევრ იურისტს მიაჩნია), რომ სტანდარტებსა და სისტემებზე მუშაობა შეიძლება გადაეცეს უმცროს მკვლევარებსა თუ ასისტენტ იურისტებს.”
თუ იურიდიული მომსახურების ბიზნესის კონკურენტუნარიანობა გამორჩეული სტანდარტებისა და სისტემების ფლობაზე იქნება დამოკიდებული, ცხადია, რომ მას დასჭირდება გამორჩეული, განსაკუთრებული იურისტები, რომლებიც საფუძველშივე იქნებიან ჩართული ამ სისტემების მოდელირებას, შექმნასა და განვითარებაში.
იურიდიული ცოდნის ინჟინერია, 21-ე საუკუნეში იქნება არა განაპირა ნიშა სამართლის სფეროში. ეს იქნება მომავლის იურისტების ცენტრალური დასაქმების ადგილი.


4. მე-4 კატეგორია იქნება ე.წ. “სამართლებრივი რისკების მენეჯერები” - "Legal Risk Manager.” ამ კატეგორიის იურისტებზე რომ მწვავე საჭიროება არსებობს, უკვე დიდი ხანია ცნობილია. კომპანიების გამოცდილი იურისტები მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რომ ისინი რეალურად სმართლებრივი რისკების მენეჯმენტით არიან დაკავებული. კლიენტებს, რასაკვირველია, ურჩევნიათ თავიდან აიცილონ სამართლებრივი პრობლემები, ნაცვლად იმისა, რომ post-factum გადაჭრან ისინი. და, მიუხედავად ამისა, მთელს პლანეტაზე თითქმის ვერ ნახავთ იურისტს ან იურიდიულ ფირმას, რომელმაც არჩია შეემუშავებინა მეთოდები, ინსტრუმენტები, ტექნიკა ან სისტემები, რომლის მეშვეობითაც დაეხმარებოდა კლიენტებს წინასწარ გადახედონ, დაადგინონ, დაიანგარიშონ და გააკონტროლონ მათი სამართლებრივი რისკები. ველოდები, რომ ეს შეიცვლება - ამბობს რიჩარდ ზუსკინდი. ბაზრის დაჟინებული მოთხოვნა მიიყვანს იურისტებს იქამდე, რომ მათ შესთავაზონ ე.წ. პროაქტიული მომსახურებების ფართო სპექტრი, რომელთა მთავარი მიზანი სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასება და თავიდან აცილება იქნება. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იურისტის ტრადიციული სამუშაოსაგან, რომელიც სპეციფიკური გარიგებების თუ დავების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ეს მომსახურება გარკვეულწილად, უფრო ჰგავს სტრატეგიული კონსულტაციის ფორმას. მომავლის იურისტების ეს საქმიანობა იქნება უფრო მრავლისმომცველი და ზოგადი, რომელიც კლიენტებს დაეხმარება მეტად გააცნობიერონ სამომავლო პასუხისმგებლობები. ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ნიშაც არამც და არამც არ იქნება იურისტების მუშაობის პერიფერიული ნაწილი. უფრო მეტიც, იგი ფიქრობს, რომ ამ ტიპის საქმიანობამ შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს ის წესი და მიდგომა, რომლითაც ახლა ხდება კანონის პრაქტიკაში დანერგვა და ადმინისტრირება.


5. მომავლის იურისტების მე-5 და ბოლო კატეგორია, რომელსაც ავტორი გვთავაზობს არის ე.წ. ჰიბრიდ იურისტები - “legal hybrid”. “ჩემი წინადადებაა, რომ მომავალი წარმატებული იურისტები, სადაც არ უნდა იდგნენ ისინი ჩემს მიერ დასახულ ევოლუციურ გზაზე, იქნებიან უფრო და უფრო მულტი-დისციპლინარული." ბევრი პრაქტიკოსი უკვე ირწმუნება, რომ ისინი ღრმად არიან შეჭრილი მეზობელ დისციპლინებში, მაგალითად, როგორც პროექტის მენეჯერები, სტრატეგიისა და მენეჯმენტის კონსულტანტები, საბაზრო ურთიერთობების ექსპერტები, გარიგების ბროკერები და სხვა. სინამდვილეში, სხვა სფეროებთან ასეთი პროფესიული გადაკვეთა არ არის სტრატეგიული, დაგეგმილი ან შესაბამისი საკვალიფიკაციო ტრენინგებით უზრუნველყოფილი. რეალურდ, ასეთი შემთხვევები, სპონტანური და ცალკეული სიტუაციური განვითარების შედეგია. ამ ვითარების საპირისპიროდ, ავტორს მიაჩნია, რომ მომავალში, მსგავსი “ჰიბრიდ იურისტები” აღჭურვილნი იქნებიან სათანადო განათლებით და მათ ექნებათ უმაღლესი კვალიფიკაცია სპეციფიკურ მულტიდისციპლინურ სფეროებში. ამის შედეგად, ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად გაფართოონ თავიანთი სამოქმედო არეალი, რაც კლიენტებისათვის უფრო ღირებულს გახდის მათ საქმიანობას.

“ამ ხუთი კატეგორიის ერთად შეჯამებით, ცხადია, რომ მომავალში იურისტებს, სამართლის სპეციალისტებს ექნებათ სამუშაო. რაც შედარებით ბუნდოვანია, ეს არის - იქნებიან თუ არა დღევანდელი იურისტები სათანადოდ მომზადებული, რომ მომავალში არსებულ მოთხოვნას უპასუხონ.”
“მიუხედავად იმისა, რომ “ნდობით აღჭურვილი ექსპერტ-მრჩეველი” და “გამოცდილი პრაქტიკოსი” თანამედროვე ადვოკატებს ჰგავს, მე ვთვლი, რომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება.”

ვფიქრობ, პროფ. ზუსკინდის ნაშრომების უფრო დეტალური გაცნობა საინტერესო იქნება არა მხოლოდ საკუთარი მომავალი პროფესიული აქტივობის განსაზღვრით დაინტერესებული კურსდამთავრებულებისთვის ან იურიდიული პროფესიის დაუფლების მსურველთათვის, არამედ, იგი ღირებულ რჩევებს შეიცავს უკვე მოქმედი პრაქტიკოსების და იურიდიული მომსახურების ბიზნესში მოღვაწე პირებისთვისაც.
თუმცა, ალბათ ყველაზე მეტად ამ მოსაზრებების გათვალისწინება სამართლის სკოლებისათვის იქნება მნიშვნელოვანი. ავტორიც სწორედ ამ მიმართულებით ამახვილებს ყურადღებას: “იურიდიული პროფესიის მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა იურიდიული განათლების კერები. ისინი მე-20 საუკუნის იურისტებს ამზადებენ ჯერ კიდევ, მაშინ როდესაც, ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის 21-ე საუკუნის შესაბამისი კადრები, რომლებიც შეძლებენ უპასუხონ იურიდიული ბაზრზე კომპანიებისა და ინდივიდების მოთხოვნას ხვალ. მოთხოვნა კი ასეთია - მომსახურების დაბალი ფასი, მარტივი ხელისაწვდომობა და ელექტრონული მიწოდება.




*შენიშვნა: ამ შემთხვევაში ტერმინი "Lawyer" უპირატესად გულისხმობს იურიდიული სერვისის მიმწოდებლებს, რაც ქართულად უფრო ადვოკატის შინაარს შეიძლება ფარავდეს.


წყაროები:
The End of Lawyers?: Rethinking the nature of legal services
Oxford University Press, 2008

http://www.susskind.com

https://www.forbes.com/sites/bernardmarr/2020/01/17/the-future-of-lawyers-legal-tech-ai-big-data-and-online-courts/#4c418495f8c4

https://www.youtube.com/watch?v=onOmOH_b2hw&feature=emb_title