• georgian flag
  • english flag

წიგნის კითხვა - სასჯელის ახალი სახე

author
ანი გრიგალავა
A A       1125

post photoამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ არასრულწლოვან დამნაშავეებს სასჯელად წიგნების კითხვა მიუსაჯა.

თითოეული ქვეყნის სასამართლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან მიმართებით დიდი გამოწვევის წინაშეა. არის თუ არა მკაცრი სასჯელი მისაღები პასუხი დანაშაულებრივი ქმედებისათვის? უნდა შეცვალოს თუ არა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ პოლიტიკა არასრულწლოვნებთან მიმართებით, რათა დაეხმაროს მათ ჩვეული ცხოვრების გაგრძელებაში?
ვირჯინიის შტატის პროკურორი ალეჰანდრა რუედა ამ უკანასკნელში ღრმად არის დარწმუნებული.
2 წლის წინ რუედას პრაქტიკაში ჰქონდა საქმე, რომელიც ეხებოდა ხუთი 16-17 წლის ასაკის ბიჭის მიერ მე-19 საუკუნის სკოლის შენობაზე რასისტული შინაარსის წარწერების გაკეთებას.
აღნიშნულ შენობას ჰქონდა დიდი ისტორიული დატვირთვა, რამდენადაც იგი დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ ვირჯინიაში შავკანიან და თეთრკანიან მოსწავლეთა რასისტული ნიშნით დაყოფასთან. ადგილობრივები ცდილობდნენ, გაეგოთ, თუ რა იყო დამნაშავეთა მიზანი.
თავად არასრულწლოვანი დამნაშავეები კი მათ მიერ გამოყენებულ ტერმინთა და სიმბოლოთა მნიშვნელობასაც კი ვერ ხვდებოდნენ.

უცნაური სასჯელი

რუედამ დაიყოლია მოსამართლე აველინა იაკობსი გეგმაზე, რომელიც გულისხმობდა სასჯელის შემდეგ სახეს - არასრულწლოვნებს 35 წიგნიდან მათი სურვილის შესაბამისად წასაკითხად აერჩიათ 12 წიგნი.
თუმცა, ზოგიერთი ავტორი არ იყო თანახმა, მისი ნაწარმოები აღნიშნულ სიაში შესულიყო, რადგან მსგავსი სასჯელის სახე მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მერილინ ნელსონმა, რომლის ნაწარმოები სიაში არ შესულა, "New York Times"-თან საუბრისას განაცხადა: "განა ახალგაზრდებს მოუნდებათ წიგნის წაკითხვა მას შემდეგ, რაც აღნიშნული მათ მიმართ სასჯელის სახედ იქნება გამოყენებული?"
არასრულწლოვნებმა ასევე მოინახულეს ჰოლოკოსტის მემორიალი და ამერიკის სახელმწიფო მუზეუმში გამართული გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა და ამერიკელთა ტყვეობას. საბოლოოდ კი, მათ დაევალათ, ნანახის შესახებ დაეწერათ ესსე.

ბედნიერი დასასრული

აღნიშნული შემთხვევის შედეგად, მსგავსი სასჯელის სახე სასამართლოს მიერ სხვა არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართაც იქნა გამოყენებული, რამაც, საბოლოოდ, დღის წესრიგში დააყენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გადახედვისა და განახლების საკითხი.
არასრულწლოვნების მიერ დაწერილი ესსეებით აშკარა გახდა, რომ მათ, ფაქტობრივად, საერთოდ არ ესმოდათ თავიანთი ქმედების მნიშვნელობა. ადგილობრივთა ნაწილი უკმაყოფილო იყო ასეთი მსუბუქი სასჯელის გამოყენებით და თვლიდა, რომ მსგავსი მიდგომა არ გაამართლებდა აფრო-ამერიკელ ახალგაზრდებთან მიმართებით, თუმცა 5 არასრულწლოვნისგან 3 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო.
მათგან ყველაზე უმცროსმა თანხმობა განაცხადა საკუთარი ესსეს გამოქვეყნებაზე. ესეში იგი წერდა: "თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რაც გავაკეთე. ყველა თანასწორია, მიუხედავად რასის, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციისა. აღნიშნული პრობლემის გამოსწორებაში ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო."
რუედა აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გავლენა მასზე ბიბლიოთეკარმა დედამ მოახდინა, რომელმაც მას ლეონ ურის წიგნები - "მილა 18" და "მიგრაცია" აჩუქა, რათა შვილისათვის ჰოლოკოსტის მნიშვნელობა ესწავლებინა.
"ამ წიგნიდან ბევრი რამ ვისწავლე ომისა და დისკრიმინაციის შესახებ" - აღნიშნა რუედამ "CNN"-თან მიცემულ ინტერვიუში: "ბავშვებს უნდა ენახათ, თუ რამდენი უსამართლობა მოხდა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის გამო. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება კი სწორედ წიგნია".

თარგმნილი სტატიის წყარო:
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

სურათის წყარი:
ჟურნალი გზა