• georgian flag
  • english flag

სასამართლო ისტორიები - დასჯა კანონის გამოყენებისთვის

author
უჩა თოდუა
A A       472

post photoფრიდრიხ დიდი იყო პრუსიის მეფე (1712-1786). იგი ცნობილია თავისი სამეცნიერო საქმიანობით, ითვლება ფრანგული კულტურის, ისტორიის, მართლწესრიგის მცოდნედ და დიდ განმანათლებელად. ფრიდრიხ დიდის მმართველობის პერიოდში განვითარებული მეწისქვილე არნოლდის საქმე (Müller-Arnold-Fall, 1770-1779), ითვლება, რომ საფუძვლად დაედო გერმანიაში მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპის დამკვიდრებას.

არნოლდს ჰქონდა წისქვილი მდინარის ნაპირას. მიწა, რომელზეც წისქვილი იყო განთავსებული, არნოლდს იჯარით ჰქონდა აღებული თავადისაგან. ცოტა ხანში თავადმა მდინარის დინების ზემოთ თევზსაშენი განათავსა და გაიყვანა არხი, რომლითაც წყალი თევზსაშენისკენ მიმართა. შედეგად მეწისქვილეს წყალი მოაკლდა. არნოლდი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ფინანსურად გაუჭირდა და ამიტომ ვეღარც იჯარას უხდიდა თავის ბატონს, რის გამოც თავადმა უჩივლა მას იმდროინდელ პირველი ინსტანციის სასამართლოში. კანონის თანახმად, მეწისქვილეს ევალებოდა იჯარის გადახდა. მოსამართლეებმა გამოიყენეს კანონი მისი სიტყვასიტყვითი გაგებით და დააკისრეს მეწისქვილეს ქირის გადახდა. ის, თუ რატომ ჩავარდა მეწისქვილე ასეთ რთულ მდგომარეობაში, მოსამართლეებმა, როგორც სჩანს, არ მიიჩნიეს კანონის განხილვის საგანად - კანონი ცალსახად განსაზღვრავდა არნოლდის ვალდებულებას ქირის გადახდაზე. უსამართლობით აღშფოთებლი მეწისქვილე, რომელიც განადგურების პირას იყო მისული, მივიდა მეფესთან. მეფემ, რომელიც ნდობით იყო განწყობილი პრუსიის, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართ, არნოლდს ურჩია, რომ გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში. მეორე ინსტანციამ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ისევ ეახლა არნოლდი მეფეს. ამჯერად მეფემ გამოითხოვა საქმე, მოიყვანა სამართალმცოდნეები, რომლებმაც უთხრეს, რომ კანონმდებლობა ასეთია, თუმცა შეიძლება მისი სხვაგვარად გაგებაც.

ფრიდრიხ დიდმა უმაღლეს სასამართლოს მისცა მითითება მეწისქვილე არნოლდის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ ეს საქმე. ამაზე უმაღლესმა სასამართლომ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ფრიდრიხ დიდმა თავად განიხილა ეს საქმე, როგორც უმაღლესმა მსაჯულმა და ერთპირონულად მიიღო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მან ის მოსამართლეები, რომლებმაც არ შეასრულეს მისი მითითება, დააპატიმრებინა და იგივე უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას დაავალა 2 წლით აღეკვეთათ თავისუფლება ამ მოსამართლეებისათვის, თუმცა აქ ისტორია აცდა სავარაუდო განვითარების ხაზს − სისხლის სამართლის პალატამ უარი თქვა კოლეგების გასამართლებაზე და აღნიშნა, რომ მოსამართლეებს დარღვევა არ ჩაუდენიათ და რომ მათ გამოიყენეს კანონი, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ. ამას კი არ მოელოდა ფრიდრიხ დიდი და ისევ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეების წინააღმდეგ, გაასამართლა ისინი თავისი შეხედულებისამებრ და მიუსაჯა მათ 2 წელი. საბოლოოდ ეს გახდა საბაბი იმ დიდი საპროტესტო ტალღისა, რომელიც წამოვიდა საზოგადოებიდან მეფის წინააღმდეგ და რამაც ითვება, რომ მნიშვნელოვნად დაამკვიდრა მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპი გერმანიაში.